15 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ევროკავშირის ელჩის განცხადებამ ყველაფერს მოფინა ნათელი, ამ პროექტის ყოველი სიტყვა, ყოველი მძიმე და წერტილი ევროკომისიასთან იყო შეთანხმებული - შალვა პაპუაშვილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონზე სპეკულაციები დასრულდეს, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ კანონს პრეზიდენტმა ხელი დროულად მოაწეროს.

ამასთან, პაპუაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტის "ყველა სიტყვა და ყველა წერტილი ევროკომისიასთან იყო შეთანხმებული". 

"რაც შეეხება მაუწყებლობაში შეტანილ ცვლილებას, ჩვენ აღნიშნულზე შეგნებულად ვიკავებდით თავს, ვინაიდან კანონპროექტის მიღების პროცესი იყო, ვხედავდით, რომ საბოტირების და კიდევ ერთი რეკომენდაციის ჩაგდების სურვილი იყო, ამიტომ არ გვინდოდა საკითხის გამძაფრება, საგნობრივი განხილვა გვქონდა. თუმცა, ვფიქრობ, ევროკავშირის ელჩის განცხადებამ ყველაფერს მოფინა ნათელი, ამ პროექტის ყოველი სიტყვა, ყოველი მძიმე, ყოველი წერტილი ევროკომისიასთან იყო შეთანხმებული, მთლიანად, ეს პროექტი შემუშავდა ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით. რამდენჯერმე გადავუხადე მათ მადლობა, მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ყოველი სიტყვა, ყოველი მძიმე, ყოველი წერტილი შეთანხმებული იყო ევროკომისიასთან და ასე ვიმუშავეთ. სხვათა შორის, ვაგრძელებთ საკითხებთან დაკავშირებით ევროკომისიასთან მუშაობას.

რაც შეეხება უხამსობის საკითხს, ესეც აჩვენებს, რამდენად არაკეთილსინდისიერები არიან ადამიანები, რომლებიც, საზოგადოებაში თავს ექსპერტებად წარმოაჩენენ და საზოგადოებას უმალავენ, სიმართლე რა არის. ტერმინი, უხამსობა, რას ნიშნავს და როგორ უნდა გავიგოთ, თურმე ეს არის პრობლემა. ეს ტერმინი ამ კანონში იმ დღიდან არსებობს, როცა ის იქნა მიღებული - 2005 წლიდან, ის 20 წელია, საქართველოში რეგულირებულია. აქ საუბარს, თითქოს, ჩანაწერის გაკეთება მოხდა, ერთადერთი მიზანი ჰქონდა - პროცესის ჩაშლა, რომ რეკომენდაცია არ შესრულებულიყო. ეს ტერმინი 20 წელია არსებობს და ახლა გახდა პრობლემა? რაც შეეხება იმპლემენტაციის დროს შიშებს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი რეგულაცია კეთილსინდისიერად და კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, როგორც ევროკავშირი, ასევე ჩვენ, პარლამენტი, დავაკვირდებით, როგორ მოხდება ამ რეგულაციების შესრულება, მთლიანად გამჭვირვალეა პროცესი.

რაც შეეხება ევროკავშირის დირექტივებს და მათ იმპლემენტაციას ქართულ კანონმდებლობაში, რა თქმა უნდა, კანონი მთლიანი დირექტივის ასლი არ არის, დირექტივა არის მინიმალური სტანდარტი, რაც უნდა არსებობდეს. 20 წელი ამ ტერმინს პრობლემა არ ჰქონია. აქ ორი საკითხია, ერთი - არსი და მეორე - პროცედურა. არსია, რომ უხამსობა რეგულირებული უნდა იყოს, აქ აკრძალვაზე კი არაა საუბარი, არასრულწლოვნების დაცვაზეა საუბარი, უხამსობა წერია წინადადებაში, რომელიც იწყება სიტყვით - პორნოგრაფია, ეს ამ კონტექსტშია ნახსენები და არა იმ კონტექსტში, რომელზეც საუბრობენ ხოლმე... თავად ევროკომისიამ მოგვთხოვა, თვითრეგულირებიდან უხამსობის და პორნოგრაფიის საკითხი რეგულირებაში გამოყვანილიყო, რადგან მთავარი, რასაც დირექტივა ითხოვს, ეს ეფექტიანი და ეფექტური აღსრულებაა ასეთი რეგულაციებისა.

რაც შეეხება ვეტოს, იმედი მაქვს, [პრეზიდენტი] მალე მოაწერს ამ კანონს ხელს, საღი აზრის დონეზეც გასაგებია, უკვე ოპოზიციაც ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი დირექტივიდან მომდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირა დეზინფორმაციული კამპანია გვქონდა ოპოზიციისგან და რამდენიმე „ენჯეოსგან“, თითქოს, ეს დირექტივას არ შეესაბამებოდა. იმისთვის, რომ ეს სპეკულაციები დასრულდეს, მნიშვნელოვანია, ხელი მოეწეროს დროზე კანონს," - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები