ჩინეთში ღონისძიებას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ამის ისე წარმოჩენა, თითქოს [პუტინთან] ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციის კლასიკური მაგალითია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის დასწრებას მაშინ, როდესაც სიტყვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ იმავე ვითარებაში უკრაინის წარმომადგენელი დარბაზს დატოვებდა, პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებით უკრაინა-საქართველოს შედარება საქართველოს საზიანო არ იქნება. მისივე თქმით, "დემარში კი არა, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს შეწყვეტილი".
"საქართველოში 2008 წელს აგრესია განხორციელებული იყო, როდესაც უკრაინულმა არმიამ 2010 წლის 9 მაისს რუსულ გვარდიასთან ერთად აღნიშნავდა, ამიტომ უკრაინა-საქართველოს შედარება რუსეთთან მიმართებით ისტორიულ ჭრილში, არ მგონია საქართველოს საზიანოდ იყოს.
რაც შეეხება ღონისძიებას, ეს იყო ჩინეთის ხელმძღვანელების მიერ მოწყობილი რომელსაც ესწრებოდა საქართველო და სხვათა შორის, ესწრებოდა ევროკავშირის 12 ქვეყნის წარმომადგენელი. ამ დიდ ღონისძიებას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ამის ისე წარმოჩენა და ვიზუალიზაცია, თითქოს ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციის კლასიკური მაგალითია. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაცია," - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მედიის ინფორმაციით, 18 ოქტომბერს, ჩინეთში გამართულ "სარტყლისა და გზის" ფორუმში, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი დაესწრო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა.