ოპოზიციონერი დეპუტატები, იაგო ხვიჩია და თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისგან პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას ითხოვდნენ. შალვა პაპუაშვილმა მათ ამის უფლება არ მისცა, რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.
"მე თქვენ გთხოვეთ, როგორც პარლამენტის წევრისთვის მოგეცათ უფლება შევხვედროდი მიხეილ სააკაშვილს. მე მგონია, რომ თქვენი ეს შეზღუდვა არის ხელშეშლა დეპუტატის საქმიანობის," - განაცხადა "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც "გაუმართლებელი და უკანონო".
"გაუმართლებელი და უკანონოა თქვენი გადაწყვეტილება, რომ ერთპიროვნულად აუკრძალოთ ყველა დეპუტატს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა. არცერთი პარლამენტის თავმჯდომარე, მათ შორის, "ოცნების" მმართველობის პირობებში, ასეთ უკანონო და დრაკონულ გადაწყვეტილებებს, როგორსაც თქვენ იღებთ, არ იღებდა,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.