დღეს ნიკა მელიას, ზვიად კუპრავას და ბაჩო დოლიძის სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე 5 მოწმე დაიკითხა. გამოჰკითხეს 6 პოლიციელიც. ამასთან, გამოიკვლიეს მედიასაშუალებების მიერ გადაღებული ვიდეომასალა. სასამართლოს არ ესწრებოდნენ თავად ბრალდებულები.
"დაიკითხა ასევე ჩვენს მიერ წარდგენილი მოწმეები, რომელთაც აღნიშნეს, რომ პოლიცია ადგილზე იყო უმოქმედოდ, არცერთი დამნაშავე არ იყო დაკავებული. ნაცვლად დამნაშავეების დაკავებისა, მათ გამოხატეს აგრესია და საბოლოო ჯამში, მოხდა ნიკანორ მელიას, დოლიძისა და კუპრავას დაკავება. ფაქტი იყო ეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც შეეხება ვიდეომასალებს, სადაც ნიკანორ მელიას მხრიდან ისმის ზოგადი მისამართით გინება, ეს არის გამოხატვის ფორმა, რომელიც შეიძლება არ ჯდებოდეს ეთიკის ნორმებში, თუმცა პირდაპირ პოლიციელებისთვის არ მიუყენებია შეურაცხყოფა,"- აცხადებს ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.
შეგახსენებთ, გლდანში, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. პარტიის წევრებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი, პარტიის წევრები: ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები