კანონი მაუწყებლობის შესახებ - საკანონმდებლო ინიციატივის ავტორის თქმით, მაუწყებლის შესახებ კანონი ევროკომისიასთან დეტალურად შეთანხმდა, ვინაიდან ცვლილებები თავად ევროკავშირის მოთხოვნაა. დავით სონღულაშვილი განმარტავს, რომ პროექტი დაჩქარებული წესით სწორედ იმ მიზნით მიიღეს, რომ 12 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია ანგარიშის გამოქვეყნებამდე შესრულებულიყო.
ცვლილებები, რომელიც სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელებას არეგულირებს და მაუწყებლების ადმინისტრაციული დაჯარიმების შესაძლებლობას ქმნის, ოპოზიციისთვის მიუღებელია. ისინი პრობლემას განსაკუთრებით კანონის აღსრულებაში ხედავენ. ხელისუფლების ოპონენტებს არ სჯერათ, რომ პროექტი ევროკომისიასთან პუნქტობრივად იყო გავლილი და ამის დასადასტურებლად კონკრეტულ ფაქტებს ითხოვენ.
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას საკითხით მანიპულირებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - არ შესრულებულიყო ევროკომისიის რეკომენდაცია. შალვა პაპუაშვილმა დღეს ევროკავშირის ელჩის პოზიტიური შეფასებაც გაიხსენა იმის დასადასტურებლად, რომ პროექტი ევროპელ პარნტიორებთან კონსულტაციებით მიიღეს.
"მაუწყებლის შესახებ" ცვლილებები პარლამენტმა სამი მოსმენით 19 ოქტომბერს მიიღო. კანონს ამ დრომდე არ აქვს პრეზიდენტის ხელმოწერა.