მიწის სისტემურ რეგისტრაციაში თბილისი და დედაქალაქის შემოგარენი ჩაერთო. ახალდაბა, ბეთანია, კვესეთი, კიკეთი და საღორისი - აზომვითი სამუშაოები, რამდენიმე ადგილას, უკვე დაიწყო. შექმნილია პლატფორმაც- maps.gov.ge, სადაც მონაცემების გადამოწმებაა შესაძლებელი, თუ ვის შეუძლია რეფორმაში მონაწილეობის მიღება.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქის ნაცვლად, საჭირო დოკუმენტაციას რეესტრი აგროვებს. თვითნებურად დაკავებული მიწების დასარეგისტრირებლად, აუცილებელია, რომ ტერიტორია მოქალაქეს 2007 წლის 20 სექტემბრამდე ჰქონდეს დაკავებული და მასზე სახლი ან არასაცხოვრებელი შენობა იყოს განთავსებული. ჯამური ფართობი ბარში - 1,25 ჰექტარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში 5 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს.
მიწის სისტემური რეგისტრაცია გასული წლიდან დაიწყო. იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ კი, პროცესი ერთობლივად წარიმართება. კახა კალაძის ინფორმაციით, 27 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ამ დრომდე, კანონიერი მესაკუთრის გარეშეა. მისი განმარტებით, პროცესი მოქალაქეზე მაქსიმალურად მორგებულია და მის მინიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.
დედაქალაქში მიწის სისტემური რეგისტრაციისთვის 12 არეალი შეირჩა. სამუშაოები დეკემბრიდან - წყნეთში, მომავალი წლიდან კი კოჯორში, ტაბახმელაში, შინდისში, წავკისში, ძველ ვეძისში, დიდგორსა და დიღომში გაგრძელდება.