აუდიოჩანაწერში სკანდალური არაფერია. კარასინმა აზრი მკითხა და მე დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
ზურაბ აბაშიძე "კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა. აბაშიძის თქმით, საქართველოსთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება რუსეთის მხარემ დამოუკიდებლად მიიღო.
"გრიგორი კარასინთან რომ მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, ამაში ახალი არაფერია. ამისთვის შეიქმნა 2012 წლიდან ე.წ. პრაღის ფორმატი. წელიწადი და 8 თვეა რაც მასთან ამ და სხვა თემებზე არ გვისაუბრია. მან აზრი მკითხა და მე დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო. ეს სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენის პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთის მხარემ მოგვიანებით დამოუკიდებლად მიიღო, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით" - აღნიშნა აბაშიძემ. გავრცელებულ ჩანაწერს იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის საკომუნიკაციო ხაზი, დიდი ხანია, არსებობს და ამაში საიდუმლო არაფერია, ხოლო თუ რაიმე ჩანაწერი გავრცელდა, ჯერ მისი ავთენტურობა უნდა დადასტურდეს.
"ის, რომ ბატონ აბაშიძესა და ბატონ კარასინს შორის არსებობს ურთიერთობა, ეს ყველამ იცის და საიდუმლო არ არის. ეს ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ, საუბრობდნენ და არსებობს ასეთი საკომუნიკაციო ხაზი. თუ რაიმე სახის ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც დიდი ალბათობით უკანონოდ არის მოპოვებული, ჯერ ამის ავთენტურობა უნდა დადასტურდეს.
რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან იყო მიღებული. საქართველო ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. საქართველოს მოქალაქეებს თუ გაუმარტივდებათ გადაადგილება, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავთ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.