ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის განსხვავება არის ის, რომ „ვაჟკაცობა ვისაც ჰქონდა, ბოდიში მოიხადა, ხოლო ოპოზიციის წევრებს იმის აღიარებაც უჭირთ, არის თუ არა კონკრეტული საკითხები შეურაცხმყოფელი“. ამ განცხადებით, ის ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და მასზე ოპოზიციის რეაქციას გამოეხმაურა.
"ჩვენ, მივიჩნიეთ თუ არა, რომ ეს იყო ძალიან ზედმეტი და ეს არ იყო სწორი საქციელი, არ დაგვიმალავს, არ დაგვიფარავს და არ დაგვიწყია ჩვენი თანაგუნდელის დაცვა იმ რამდენიმე ფრაზასთან დაკავშირებით, რაც არ მოგვეწონა. დავგმეთ ეს ამბავი და მას ეყო ვაჟკაცობა, რომ გამოსულიყო და ბოდიში მოეხადა სახალხოდ. ის ადამიანები, რომლებიც გაგრძელებას და პოლიტიკური ქულების დაწერას აპირებენ, ადამიანებს მოღალატეებს ეძახიან, ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებენ, მათ შორის, ფაშისტურ და ბოლშევიკურ შავ სიებში რომ მოხვდნენ ქალი დეპუტატები, ამას საერთოდ ატარებენ და არ ლაპარაკობენ ამაზე. პოლიტიკური შეფასებაა მოღალატეო და ეს მათთვის არის პოლიტიკური შეფასება, ნებისმიერ ნორმალური ქართველისთვის, ვისაც ოდნავ მაინც აქვს სამშობლოს განცდა და სიყვარული, ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არის. შეურაცხყოფის ფორმულაზე ვერ ვთანხმდებით და რაზე შევთანხმდებით. ღირსება და ვაჟკაცობა ვისაც ჰქონდა, ბოდიში მოიხადა და მათ აღიარებაც კი უჭირთ, შეურაცხყოფა არის თუ არა კონკრეტული საკითხები და ჩვენ შორის განსხვავება სწორედ ამაშია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.