15 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
"ქართული ოცნებისთვის" საბაბის მიცემა, თითქოს რაღაც დესტრუქციის ელემენტი მართლაც არსებობს ოპოზიციის მხრიდან, იქნება უკიდურესი უგუნურობა - თინა ბოკუჩავა ნიკა მელიას განცხადებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ინტერესდება, რას ემსახურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ყოფნა პარლამენტში. ნიკა მელია ვრცელ პოსტს აქვეყნებს სადაც ახალ მენეჯმენტს მიმართავს.

მისი თქმით, პირველი არგუმენტი თითქოს რეკომენდაციების შესრულების იძულება იყო მიზანი, არ გამართლდა, ვინაიდან მხოლოდ სამი დათქმაა შესრულებული. მეორე პუნქტი ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება იყო, თუმცა ამასაც ვერ იყენებენ, რადგან "ვივამედში" შესვლის უფლება კანონმდებლებს არ ეძლევათ.

"მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი "ოცნების" პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად." - წერს ნიკა მელია.

ნიკა მელიას განცხადებას პარტიაში უპასუხეს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განმარტა, ნიკა მელიას მხრიდან ასეთ რთულ პერიოდში, ეს გზავნილები  უდროო იყო.

"ახლა, ამ თემის წამოწევა, როდესაც 8 ნოემბერს ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე და სადაც ხელისუფლებას აქვს უდიდესი სურვილი, რომ შესაძლო ნეგატიური გადაწყვეტილება გადააბრალოს ოპოზიციას, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად დესტრუქციულ ოპოზიციად მოიხსენიებს, მათთვის საბაბის მიცემა, თითქოსდა რაღაც დესტრუქციის ელემენტი მართლაც არსებობს ოპოზიციის მხრიდან, იქნება უკიდურესი უგუნურობა და ამიტომ რბილად ვიტყვი, რომ ძალიან უდროოა ამ გზავნილის ახლა წამოწევა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მოუწოდებს სამიზნე გაასწორონ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდნენ.

"ყველა ოპოზიციურ ლიდერს მოვუწოდებ, სამიზნე გაასწოროს. ხელისუფლებაში და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ერთიანები. დანარჩენი, ამ პატარ-პატარა საკითხებში მე ვერ შევალ, ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები