გაფართოებული ძლიერი გაერთიანება - ეს არის მთავარი გზავნილი და სათაური იმ კონფერენციის, რომელიც ბერლინში, ამ წუთებში, გერმანიის პირველი დიპლომატის ინიცირებით მიმდინარეობს.
კონფერენციის მთავარი მიზანია, გაიხსნას ფართო დისკუსია ევროკავშირის წევრ, კანდიდატ და ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებს შორის, ერთი მხრივ, როგორ უნდა მოემზადონ სახელმწიფოები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და, მეორე მხრივ, როგორ უნდა მოემზადოს თავად ორგანიზაცია მათ მისაღებად.
შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა განცხადებები. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ სწორედ ახლა არის მომენტი, ორგანიზაციამ უფრო ფართოდ გახსნას კარი. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება, ილია დარჩიაშვილი სიტყვით გამოვა საპანელო დისკუსიაზე, ისაუბრებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციაზე და იმ მოლოდინებზე რაც ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.
"ძალიან დროული კონფერენციაა. კარგი საუბარი გვექნება იმაზე, თუ როგორ გავაფართოოთ ევროკავშირი. რუმინეთი ძლიერი მხარდამჭერია გაფართოების. ჩვენი მოვალეობაა, რომ პარტნიორები, რომლებიც წევრობას დიდი ხანია ელოდებიან, მხარი დავუჭიროთ. რუმინეთი ძლიერი მხარდამჭერია იმის, რომ საქართველომ და ბოსნიამ კანდიდატის სტატუსი მიიღონ. უნდა გავიგოთ პარტნიორებისგან, თუ რა არის მათი მოთხოვნა და გამოწვევაა. რა არის მათი მოლოდინი. იმისთვის რომ ევროკავშირმა ამ ყველაფერს სათანადოდ უპასუხოს. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვაჩვენებთ გლობალურ სამყაროს ჩვენს სიძლიერეს. მნიშვნელოვანია, რომ მინისტრმა ბერბოკმა პარტნიორები, კანდიდატი ქვეყნები და წევრი ქვეყნები ამ დიალოგისთვის მოგვიწვია, იმისთვის, რომ გვქონდეს დიალოგი. ვფიქრობ, გარკვეულ დასკვნებამდე და შეთავაზებამდე მივალთ, რათა ვუპასუხოთ კანდიდატი ქვეყნების საჭიროებებსა და გამოწვევებს," - აცხადებს რუმინეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მინისტრი დანიელა გიტმანი.
"ევროკავშირის გაფართოების საკითხში, მნიშვნელოვანი არის არა ის, თუ როდის მოხდება ეს, არამედ - თუ როგორ მოხდება. ჩვენ მომხრე ვართ, თანდათანობით მოხდეს ინტეგრაცია. როცა საუბარია ევროკავშირის რეფორმირებაზე, ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს ძალიან ძლიერ გეოპოლიტიკურ ერთობაზე, ამისთვის საჭიროა ეკონომიკური და სიძლიერე, ინდუსტრიული პოლიტიკა, ვაჭრობა და ინვესტიცია. ამისთვის უნდა შევთანხმდეთ საერთო საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ერთიანი უკრაინის მიმართ. გვაქვს სტრატეგიული კომპასი და გვჭირდება, რომ ახალა ის გამოვიყენოთ ერთიანობის შესანარჩუნებლად. როცა ჩვენ ვფიქრობთ გეოპოლიტიკურად, ყველა ქვეყანა, მათ შორის, ვისაც ევროპული პერსპექტივა აქვს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. წინასწარ ვერ დავასწრებ კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც შემდეგ კვირას უნდა იყოს, მაგრამ თითოეული ასეთი ქვეყანა, გეოპოლიტიკური სტაბილურობისთვის და ძლიერებისთვის ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. დღესვე, ვაპირებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას და ამ საკითხებზე მსჯელობას," - აცხადებს საფრანგეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ლორენს ბურნი.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაფართოების პროცესი უნდა დაჩქარდეს და ეს შესაძლებელი გახდეს 2030 წლისთვის. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ბიძგი უნდა მივცეთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, ასევე საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, რომ იყვნენ ამისთვის მზად. ცხადია, ეს პროცესი უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული, თუმცა, ეს არის ასევე პოლიტიკური იმპულსი. ჩვენ უნდა გავხადოთ ევროპა უფრო ძლიერი, ერთიანი და უნარიანი მოთამაშე საერთაშორისო სცენაზე. მე ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მე ძლიერად მხარს ვუჭერ საქართველოს ძალისხმევას გახდეს ევროკავშირის წევრი, რომ შეასრულოს აუცილებელი რეფორმები. ვისურვებ, რომ სამივე ქვეყანამ შეძლოს წინ წასვლა ამ გზაზე, რაც შეიძლება მალე. როცა ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორ იცვლება ყველაფერი სწრაფად, გვჭირდება კიდევ უფრო მეტად ძლიერი ევროპა. ვისურვებ, რომ უფრო ახლოს იყოს სლოვენია საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან, რათა გავუზიაროთ ტექნიკური გამოცდილება რეფორმების გატარებაში,"- აღნიშნავს სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტაია ფაიონი.
"რაც უფრო გაფართოვდება ევროკავშირი, ყველასთვის უკეთესი იქნება. მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე - რომ თუ უნდა ევროკავშირს იყოს უფრო ძლიერი, უნდა გაფართოვდეს. ეს ძალიან მარტივია. ცხადია, ყველა ქვეყანა დამსახურების მიხედვით უნდა შეფასდეს. ევროკავშირის ყველა წევრმა და კანდიდატმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ფუნდამენტურად დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპები. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ამ ქვეყნებმა ევროკავშირის გზაზე პროგრესი აჩვენონ," - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.