კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე 6 დღეს რჩება. იქამდე, თბილისში ისევ ურთიერთბრალდებები ისმის.
ოპოზიცია აცხადებს, რომ, თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური მდებარეობის დამსახურება იქნება, რადგან, მათი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეუსრულებელია.
მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ოპოზიციამ ევროკავშირის რეკომენდაციებს თავიდანვე გამოუცხადა ბოიკოტი და მათი მიზანია, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. ამ მოსაზრებას ოპოზიციის ნაწილიც იზიარებს და კოლეგებს მოუწოდებს, დაასახელონ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველოსთვის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია და მისი რადიკალური ფრთა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოენიჭებინათ საქართველოსთვის.