პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ გახარია და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთთან თანამშრომლობენ.
მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებისთვის გახარიას მხარდამჭერები თითქმის აღარ ეყოლება, რადგან მის ტყუილებს არავინ დაიჯერებს.
"ფაქტია, რომ გახარია და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ეს ყველაზე კარგად ჩანს, მაგალითად: რუსთავის მუნიციპალიტეტში, სადაც ისინი ხელს უშლიან რუსთვის განვითარებას და ბოროტად იყენებენ ამ ალიანსს. თუ ვინმეს სადმე კიდევ სჯეროდა გახარიას ტყუილების და სიცრუის, ასეთი ადამიანები კიდევ უფრო ცოტანი რჩებიან და მოსალოდნელია, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის აღარ დარჩებიან ასეთები", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, როდესაც გახარიას "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით ხედავს, მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ ყოველგვარი პოზიტიური განწყობა იკარგება.
"ნაციონალურ მოძრაობასთან" გარკვეული თანამშრომლობა, როგორი ადგილი აქვს რუსთავში ან ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, სადაც გარკვეული მნიშვნელობა შეიძინა ამ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, შესაბამისად, ყველგან ეს უარყოფითად აისახება იმ ამომრჩეველზე, რომელსაც თავდაპირველად გარკვეული სიმპათია შეიძლება ჰქონოდა გახარიას გუნდის მიმართ. როდესაც გახარიას ხედავ "ნაციონალური მოძრაობის" გვერდში, რა საკვირველია ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად გეკარგება ყოველგვარი პოზიტიური განწყობა ამ პოლიტიკური გუნდის მიმართ. არადა, მისი ელექტორატის დიდი უმრავლესობა, რომელსაც თავდაპირველად ჰქონდა გარკვეული სიმპათია ამ პოლიტიკური გუნდის მიმართ, ბუნებრივია ეს იქნება ცვალებადობის მიზეზი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.