15 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
5 დღე ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე - საკითხი კვლავ პოლიტიკური ბრალდებების თემაა

5 დღე ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე - საკითხი კვლავ პოლიტიკური ბრალდებების თემაა. უმრავლესობა აცხადებს, რომ მაშინ, როცა ყველას პოზიტიური მოლოდინი აქვს, პარტია "ლელო" სტატუსის საბოტაჟირებას განაგრძობს, ამის არგუმენტად "ქართულ ოცნებას" მოჰყავს დავით უსუფაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ევროკავშირში ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

დღეს იგივე გაიმეორა "კურიერთან" ინტერვიუში "ლელოს" კიდევ ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც უსუფაშვილს ეთანხმება. შეფასებებს აკეთებენ სხვა პარტიებშიც.

პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯო და კანდიდატის  სტატუსზე მიღებული უნდა იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება.

"გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებული იქნება 15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სხდომის შედეგად. სანამ ეს სხდომა არ ჩატარდება და გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, არავინ არ იცის, კანდიდატის სტატუსს მიიღებს ეს ქვეყანა თუ ვერ მიიღებს. თუკი მიიღებს, რა პირობით მიიღებს და ა.შ. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯო და კანდიდატის სტატუსზე მიღებული უნდა იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება. ქალბატონი სამნიძე და ქალბატონი დეკანოიძე შეცდნენ, როდესაც მსგავსი განცხადება გააკეთეს, გააძლიერეს ამით რუსული ოცნების პროპაგანდა," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მიუხედავად  მძიმე ანტიდასავლური კამპანიისა, ევროპული პარტნიორები დაინახავენ საქართველოს მოქალაქეების ნება და სწრაფვას.

"დღეს ჩვენ ვაგზავნით ერთობლივ წერილს, რომელსაც ხელს წერენ ყველანი, მათ შორის ლელო. ყველას გვაქვს კონტაქტები, ყველას გვაქვს კომუნიკაცია, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია. დიახ, ჯერ გადაწვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, ჩვენმა პარტნიორებმა იციან რა ვითარებაშია ქვეყანა. ჩვენ ვიცით და ყველა ვხედავთ, რა ვითარებაა გეოპოლიტიკურად, ამიტომ მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე ძალიან მძიმე ანტიდასავლური კამპანიისა, ჩვენი ევროპული პარტნიორები დაინახავენ საქართველოს მოქალაქეების ნება და სწრაფვას, ბრძოლას და მივიღებთ ევროპულ სტატუსს," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართეს.

"ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართეთ ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალმა დეპუტატებმა ქალ პრეზიდენტს, იმისთვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა არ დაკარგოს, იმისთვის რომ ქართველი ხალხის ხმა, ქართველი ხალხი, რომელიც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, იყოს უფრო ძლიერი," - აცხადებს თინა ბოკუჩავა,

 

 

დღის ამბები