უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ისევ აქტიურ ფაზაშია. ომის 619-ე დღეს ოკუპანტებმა იერიში რამდენიმე ოლქზე მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 66 აფეთქება დაფიქსირდა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, იერიშების დროს, 9 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამ ფონზე კი, ისრაელში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის მომზადება მიმდინარეობს.
ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხი ავრცელებს. ტელეარხის ინფორმაციით, ზელენსკის ისრაელში ვიზიტი მომავალ კვირას იგეგმება. და შესაძლოა, ორშაბათს ან სამშაბათს შედგეს.
"მომავალ კვირასთან დაკავშირებით გავმართე მოსამზადებელი შეხვედრა - განვიხილეთ სამომავლო ნაბიჯები ევროკავშირთან ერთად. ჩვენ ყოველ დღეს ვიყენებთ იმისთვის, რომ არსებითად მოვემზადოთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ხელი მოვაწერე მნიშვნელოვან კანონს ეროვნულ თემებთან დაკავშირებით. შევასრულეთ ჩვენი ევროინტეგრაციის კიდევ ერთი კრიტერიუმი და განვაგრძობთ მუშაობას ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად," - აცხადებს ზელენსკი.