საქართველოში ტექნოლოგიური სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებული ახალი პროექტის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მიმართეს.
ღონისძიების მიზანს, საზოგადოებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერილი ახალი პროექტის წარდგენა და საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, 500-მდე IT სპეციალისტისა და საერთაშორისო IT კომპანიისთვის საჭირო ინტელექტუალური რესურსის გაზიარება წარმოადგენდა.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ პროგრამის ფარგლებში, ციფრულ უნარებში 1300-ზე მეტ ადამიანს მოამზადებენ.
"ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი უახლესი პროგრამა საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის ფარგლებში. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ 1300-ზე მეტი ადამიანი ციფრულ უნარებში, რათა ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე. ბევრი ძალიან ჭკვიანი IT სპეციალისტია აქ. ჩვენი იდეაა, მოვამზადოთ ისინი და დავაკავშიროთ გლობალურ IT კომპანიებთან.
მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი არის ამ ძალიან ამბიციური ხედვის ნაწილი, რომლის მიზანია საქართველო გახდეს ციფრული და IT სერვისების ცენტრი. ძალიან მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკაა ევროპაში, მაგრამ ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად, ცხადია, ბევრი ინვესტიციაა საჭირო ინფრასტრუქტურასა და სპეციალისტების მომზადებაში,"- აცხადებს ჰერჩინსკი.