15 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
"მაქსიმალურად ეცდებიან, როგორმე დაამახინჯონ, გადაფარონ ან დააზიანონ ის მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება" - არჩილ თალაკვაძე

ოპოზიცია, სტატუსის სანაცვლოდ, პარტნიორებს ახალი დათქმების ჩაწერას სთხოვს - ხელისუფლება ევროინტეგრაციის საბოტაჟსა და ოპონენტების მხრიდან ერთობლივ შტურმზე საუბრობს. ევროკომისიის შუალედურ ანგარიშამდე ორი დღით ადრე, მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანამ სტატუსი დამაზიანებელი დათქმებით მიიღოს, მათ შორის იმ დათქმით, საქართველო მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

"რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და საფრთხეები რუსეთის მხრიდან ისედაც მაღალია საქართველოსთან მიმართებაში. შესაბამისად, ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ სტატუსთან დაკავშირებით ჩაიდოს რაიმე ისეთი დამატებითი პირობები, რომლებიც ამ საფრთხეების გაზრდისა და ესკალაციის პროვოცირებას შეიძლება ახდენდნენ.

პირდაპირ განგაში აქვთ გამოცხადებული რადიკალური ოპოზიციის მთლიან ბანაკში. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ეცდებიან, გამოიყენონ ბოლო შესაძლებლობა და როგორმე დაამახინჯონ, დაჩრდილონ, გადაფარონ ან საინფორმაციო ველში დააზიანონ ის მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ სრული მობილიზაცია ჰქონდეთ ბრიუსელში და შეეცადონ როგორმე კიდევ ერთხელ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში. მათი იქ ჩასვლა ემსახურება ერთადერთს - როგორმე გამოიყენონ ბოლო შანსი, რომ იქნებ კიდევ დაარწმუნონ ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი, რომ გადავადდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რადგან პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არჩევნებში მათ დამარცხებას უდრის. წარმოიდგინეთ, საქართველოს წარუმატებლობას ევროკავშირისკენ გზაზე პირდაპირ აიგივებენ არჩევნებში წაგებასთან, ამის შემდეგ უკვე რაზე უნდა ველაპარაკოთ ამ ოპოზიციას?!," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები