"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. ახალი ბრალდებების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი განცხადებაა.
"მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებასა და შესაძლებლობაზე - მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე", - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.
მის განცხადებებს მმართველ გუნდში აფასებენ. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მისი თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილს იმ ამბებს უყვებიან, რომლებიც მას სიამოვნებს და არა იმას, რაც რეალურად ხდება.
ამასთან, თალაკვაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" დაშლის ფაზაშია.
"დიდი მეცნიერება არ სჭირდება, თუ რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის განცხადება. ეს ნიშნავს, რომ ის უკმაყოფილოა და უარყოფითად აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო გუნდის მუშაობას. თუმცა, როგორც ასეთი, გუნდიც აღარ არსებობს. რაც შეეხება სიებიდან ამოღებას, არჩევნები მალე მოვა, ვინ ვის ამოიღებს სიიდან, ჯერ კიდევ წინ გვაქვს ეს სერია. [სააკაშვილი] დღესაც პოლიტიკურ იზოლაციაში ჰყავთ, იმ ამბებს უყვებიან, რომლებიც მას სიამოვნებს, პოლიტიკური რეალობა განსხვავებულია, ფაქტია, რომ ის, რეალურად, ჩამოაცილეს პოლიტიკური გუნდის ლიდერობას. დღეს არეული აქვთ სიტუაცია. "ნაციონალური მოძრაობა" დაშლის ფაზაშია და ეს არ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიძლება, შემდეგ არჩევნებში ხელისუფლების მთავარი ოპონენტი იყოს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.