15 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
"მილიონები დახარჯეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, რაც დესტაბილიზაციის წინაპირობა უნდა გამხდარიყო, ახლა კი ეს გეგმა ეშლებათ და სრული ისტერიკა აქვთ" - გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინების ფონზე, ოპოზიციაში ქაოსია და, სწორედ ამიტომ, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები კეთდება.

ამასთან, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ შეუძლებლად მიიჩნევს ისეთ დათქმას ევროკავშირისგან, რამაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური ნგრევა გამოიწვიოს.

"სრული ისტერიკაა და, აქედან გამომდინარე, ის მავნებლობა, რომელიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით იყო დამახასიათებელი მათი ქმედებებისთვის, ახლა ორმაგად გაიზარდა, ვინაიდან მილიონები დახარჯეს იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, რაც უნდა გამხდარიყო ამ დესტაბილიზაციის წინაპირობა. ეს გეგმა იშლება.

ახალი ნარატივიც გამოჩნდა - თითქოს "ქართულ ოცნებას" არ უნდა, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და, აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ პირიქით, "ქართული ოცნების" გეგმის საპირისპიროდ იქნეს ეს გადაწყვეტილება მიღებული. არეულობაა მოკლედ, სრული ქაოსია. რასაკვირველია, არავინ არც იფიქრებს, რომ ევროკავშირს შეუძლია შემოგვთავაზოს კანდიდატის სტატუსი იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანა დაინგრეს ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით,"- აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები