15 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
"როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკოსის მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად საკუთარი პარტიის კრიტიკა იქცევა, სჯობს, ამ პოლიტიკოსმა ალტერნატიული პოლიტიკური პლაცდარმი ნახოს" - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. ახალი ბრალდებების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი განცხადებაა.

"მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებასა და შესაძლებლობაზე - მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე" - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

მანამდე კი ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადება სასამართლო სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ თუ ვინმეს სურს პარტიის შიგნიდან მისი ლანძღვა, სჯობს, დატოვოს "ნაციონალური მოძრაობა". სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ პარტიაში საჭიროა ახალი სახეები.

ექსპრეზიდენტის მორიგი განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინათინ ბოკუჩავამ შეაფასა და განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებები ნიკა მელიას მისამართით არის გაკეთებული და, მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკოსის მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად, საკუთარი პარტიის კრიტიკა იქცევა, სჯობს, ამ პოლიტიკოსმა ალტერნატიული პოლიტიკური პლაცდარმი ნახოს:

"პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, რომელიც მან გააკეთა სასამართლოზე, მივიღე, როგორც განცხადება, რომელიც მიმართული იყო ნიკა მელიასკენ, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ ამოცანად სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა არჩია. მაშინ, როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკოსის მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად საკუთარი პარტიის კრიტიკა იქცევა, სჯობს ამ პოლიტიკოსმა ალტერნატიული პოლიტიკური პლაცდარმი ნახოს. თუკი ნიკა მელია არ იგულისხმებოდა, ალბათ, ამაზე დამატებით განმარტებებს მოვისმენთ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა. 

 

დღის ამბები