საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ, თუმცა კარგად გვესმის, რომ როცა საქმე არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულს, ერთ დღეში დამნაშავეების დასჯა ადვილი არ არის, თუმცა ისინი აუცილებლად დაისჯებიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარმა სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა უმძიმეს ფაქტად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომხდარი რუსეთის განგრძობითი ოკუპაციის შედეგია.
„დანაშაული და უმძიმესი ტრაგედია მოხდა. პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს. ეს არის შედეგი ოკუპაციის, რომელიც მართლა განგრძობითია. 2008 წელი ამ ოკუპაციის ერთი ნაწილი იყო, ის გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა 2008 წელმა დაამძიმა ვითარება როგორც შიდა ქართლში, ისე აფხაზეთში, 100-ზე მეტი სოფლის ოკუპაცია და ოკუპანტის მიერ სრულიად უკანონოდ ამ ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ, თუმცა კარგად გვესმის, რომ როცა საქმე არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულს, ერთ დღეში დამნაშავეების დასჯა ადვილი არ არის, თუმცა ისინი აუცილებლად დაისჯებიან. მთავარი დამნაშავის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოტანილი აქვს ბრალის წარდგენის დადგენილება, გამოტანილი აქვს ძებნის დადგენილება, ვგულისხმობ ვლადიმერ პუტინს და აუცილებლად დადგება დღე, როდესაც საერთაშორისო ძალისხმევით, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართულობით, ყველა აგებს პასუხს, პირველი პირიდან დაწყებული, რიგითი კრიმინალებით დამთავრებული, რომლებიც ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.