პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ევროპული საბჭოს მიმართ, ეყრდნობა იმ პროგრესს და იმ შედეგს, რომელიც საქართველოს უკვე მიღწეული აქვს.
ჩიქოვანის თქმით, არის გარკვეული დეტალები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება და აუცილებლად შესრულდება.
"რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ევროპული საბჭოს მიმართ, ეყრდნობა იმ პროგრესს და იმ შედეგს, რომელიც ჩვენ უკვე მიღწეული გვაქვს. კარგად გაეცნონ დოკუმენტს, ყველა ამ საკითხთან მიმართებაში მითითებულია და აღწერილია ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროგრესი და შედეგები, რომელიც საქართველომ დადო.
არის გარკვეული დეტალიზაცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ ამ საკითხებზე, შემდეგშიც გავაგრძელებთ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება მაღალი ტემპი და შევძლებთ, რომ უფრო სწრაფად შევასრულოთ ყველანაირი მოთხოვნები, რომელიც ამისთვის იქნება აუცილებელი და წინ წავიწიოთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ჩიქოვანმა.