15 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
"კონტრშეთავაზებები, კონტრაქციები თუ სხვა რამ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივის წინააღმდეგ იქნება, უკიდურესად არასწორია" - ბოკუჩავა მელიას ინიციატივაზე

"ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ახალი ინიციატივით გამოდის - ნიკა მელია პარტიის წევრებს სთავაზობს, შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო.

ყოფილ თავმჯდომარეს "ნაციონალური მოძრაობის" მეორე გუნდი აკრიტიკებს და პარტიისთვის დამაზიანებელ ქმედებებში ადანაშაულებს.

"ნიკა მელია არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი, ვინც თავს ესხმის მთავარ ოპოზიციურ ევროპულ, პროდასავლურ ძალას. თუ ამგვარი დამოკიდებულება აქვს ნებისმიერ ადამიანს, ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილია მან სხვა ალტერნატიული პოლიტიკური პლატფორმიდან გააგრძელოს პოლიტიკური მოღვაწეობა. კონტრშეთავაზებები, კონტრაქციები თუ სხვა რამ, რაც იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივის წინააღმდეგ, უკიდურესად არასწორია,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე  თინათინ ბოკუჩავა.

მელიას გუნდის წევრი ბაჩო დოლიძე კი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი მენეჯმენტი სერიოზულად არ აღიქმება:

"მათ არ უნდათ ერთობა, სამართლიანობა და არ უნდათ ყველაზე მნიშვნელოვანი - ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. მე არ მქონია იმის მოლოდინი, რომ მეორე მხარე ამას ხელს მოაწერდა. ლოზუნგები, სადღეგრძელოები სულ მესმის, მაგრამ კონკრეტული ქმედება არ მინახავს. კრიზისული სიტუაციაა დღეს, არამარტო ქვეყანაში, არამედ - პარტიაში. უკვირთ, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მენეჯმენტი სერიოზულად არ აღიქმება? - ეს ჩვენგან ესმით მხოლოდ და ეს განწყობა საზოგადოებაში არ მუსირებს?",- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე.

ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ ნდობის საბჭომ უნდა აიღოს თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოსა და აღმასრულებელი რგოლის ყველა ფუნქცია. მისი შეფასებით, მხოლოდ ამ ინიციატივით შეჩერდება არაფორმალური მმართველობით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი.

დღის ამბები