ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს, შეფასებები კეთდება ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში. მათი ნაწილი ევროპარლამენტარის პოზიციას იზიარებს.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ, უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს.
"სანქციების ნაწილშიც, დამერწმუნეთ, შესაძლებელია, ამ რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა. იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, ჩვენი საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან და გაცხადებულ მიზნებთან რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში და, მეორე მხრივ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციიდან გამომდინარე," - ამბობს თინა ბოკუჩავა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ცალკეულ ევროპარლამენტარს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია, თუმცა ეს, რეკომენდაციის სახით, ასე მკაცრად მოთხოვნილი არ ყოფილა ევროპისგან.
"ჩემი აზრით, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ არის იმდენად არსებითი საკითხი, რომ კანდიდატის სტატუსის შემდგომი მიღების გზაზე დაგვაბრკოლოს. ცალკეულ ევროპარლამენტარს შეიძლება ჰქონდეს პოზიცია განსხვავებული, რეკომენდაციის სახით ასე მკაცრად მოთხოვნილი არ ყოფილა ევროპისგან, ეს რომ ყოფილიყო აუცილებელი, ჩაიწერებოდა რეკომენდაციაში. ამიტომ, ამ საკითხზე ზედმეტ ყურადღებას არ გავამახვილებდი. სისულელეა, რუსეთს ქართული სახელმწიფო რომ არსებობს, დამოუკიდებელი ქვეყანა და ქართველი ხალხი ქართულად ლაპარაკობს, უკვე კონფრონტაციის საფრთხეა," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრმა, თეონა აქუბარდიამ.
"საუბარი არ არის სანქციების დაწესებაზე, "ქართულმა ოცნებამ" შექმნა წინაპირობა იმისა, რომ საქართველოს ახალი დავალება გასჩენოდა - საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა, და ეს არის "ქართული ოცნების" "დამსახურებით", რაც, პირველ რიგში, ფრენებს უკავშირდება და არა ის, რომ ჩვენ დავუწესოთ რუსეთს სანქციები," - აცხადებს თეონა აქუბარდია.