ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ არსებობს საფრთხე იმისა, რომ სანქციების პირობებში ქვეყანა დადგეს იმ რეალობის წინაშე, როდესაც ეს შეიძლება საბაბი გახდეს უფრო მეტი ესკალაციის და დაძაბულობის. მისი თქმით, მმართველი გუნდი სახელმწიფო ინტერესებს ითვალისწინებს.
"არსებობს იმის საფრთხე, რომ, სანქციების პირობებში, ჩვენ მივიღოთ უფრო მეტი და დამაზიანებელი სანქციები ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ჩვენ დავდგეთ იმ რეალობის წინაშე, როდესაც ეს, შეიძლება, საბაბი გახდეს უფრო მეტი ესკალაციისა და დაძაბულობის. ზუსტად აქედან გამომდინარე ვმოქმედებთ ჩვენ და სახელმწიფო ინტერესებს ვითვალისწინებთ. სანქციას თუ აწესებ, ამას უნდა ჰქონდეს ეფექტი, ამ სანქციებს ეფექტი არ ექნებოდა, პირიქით, ექნებოდა დამაზიანებელი ეფექტი საქართველოზე, საქართველოს მოქალაქეებზე. რაც შეეხება ასეთ განცხადებებს, ვთვლი, რომ ასეთი განცხადებები არ უწყობს ხელს იმ პროცესს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. საქართველოს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია რეფორმების მიმართულებით. ამ რეფორმებს ჩვენ გავაგრძელებთ და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს აქამდე გაკეთებული და მიღწეული შედეგები არის დადებითად შეფასებული იმ მოხსენებაში, რომელიც ევროკომისიამ დადო. ზუსტად ამის საფუძველზე გაიცა რეკომენდაცია," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.