საქართველოს პრეზიდენტის სკანდალური ინტერვიუ, უკვე ორი დღეა, განხილვის მთავარი თემაა. პრეზიდენტის ამ პოზიციას მმართველი გუნდი მალევე გაემიჯნა და, სალომე ზურაბიშვილის განცხადების მიღმა, სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთთან ურთიერთობის დაზიანების მცდელობა ამოიკითხა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, მსგავსი განცხადებების გაკეთება "ახლოსაა მავნებლობასთან".
"ასეთ განცხადებას როცა აკეთებ და ასეთ შეფასებას როდესაც აძლევ ჩინეთის ლიდერს, რასაკვირველია, ამას მარტო უპასუხისმგებლობა არ ჰქვია, ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია და, იმედი მაქვს, აქ მზაკვრული ჩანაფიქრი არ არის, რომ, როგორმე, საქართველოს წინააღმდეგ განაწყოს ჩინეთი, რომელთანაც საკმაოდ პერსპექტიული თანამშრომლობა გვაქვს.
ის, რომ გამიჯნულია მთავრობა, რეალური მმართველი ამ ქვეყნისა პრეზიდენტისაგან, არის ძალიან ნიშანდობლივი. ასეთი განცხადების გაკეთება ძალიან ახლოსაა მავნებლობასთან," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ფრანგი ჟურნალისტის შეკითხვაზე - იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და, ასევე, სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ, მისი შინაგანი რწმენით, ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.