ველით ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული წინაღობების შექმნას, ისინი უკვე ღიად აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსი სრულად ჩამოშლის მათ ფეიკ დეზინფორმაციულ ნარატივს - ნინო წილოსანი
მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს - ევროპული საბჭოს დასკვნა 15 დეკემბერს გახდება ცნობილი. ვიდრე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერი გადაწყვეტილებას მიიღებს, უკვე არსებობს ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. სწორედ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება გახდა დისკუსიის საგანი პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია წინასწარ ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი საჭირო რეკომენდაციებს არ შეასრულებს და გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები არ გაიხსნება.
„ამ ვითარებაში, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ტორპედირებისთვის და სწორედ ამას რომ ვხედავდით, გაათმაგებული ძალისხმევით ვუხსნიდით ჩვენს მეგობრებს, რომ არ შეიძლება საქართველო დარჩეს რუსეთის პირისპირ და დარჩეს განზე ევროპული ინტეგრაციის პროცესისა. ეს სტატუსი უნდა მივიღოთ და ამას თუ მივიღებთ, მივიღებთ ქართველი ხალხისთვის,“ - აცხადებს ენმ-ის წევრი გიორგი ბარამიძე.
მმართველი პარტია კი ოპონენტების ახალ კამპანიაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათი მთავარი ამოცანა ამჯერადაც კანდიდატის სტატუსის საბოტაჟია.
„არცერთი ქვეყანა არ აიღებს თავის თავზე ძალიან ნეგატიურ დატვირთვას, რომ უარი უთხრას საქართველოს ამ მნიშვნელოვანი განვითარების გზაზე. თუმცა, ველით ოპოზიციის მხრიდან ყველა ჯერზე განსაკუთრებული წინაღობების შექმნას, რადგან ისინი უკვე საჯაროდ და ღიად აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსი სრულად ჩამოშლის მათ ფეიკ-დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ხელისუფლება, და ისინი სამუდამოდ დამარცხდებიან სიმართლესთან ბრძოლაში,“ - აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.