საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადებისა და მისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.
საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, ამიტომ სხდომა დახურული იყო. რუსეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები კონტრტერორისტულმა ცენტრმა თბილისში, ერთდროულად ორ ლოკაციაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანა. გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია, მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა, დროშა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკით, აუდიომასალა და კომპიუტერული ტექნიკა.
პროკურატურის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ უწყება მოიპოვებს იმის მტკიცებულებებს, რომ აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში სხვა პირებიც იყვნენ ჩართულნი, მათ მიმართაც დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა და ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტებაც.
„გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის - საქართველოში მიგრანტების უკანონო შემოყვანასთან და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებით.
გამოძიება არის ახალი დაწყებული, აქტიურად ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამოღებულია ასევე ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკიანი დროშა. იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული იქნება მტკიცებულებები, რომ სხვა პირებიც იყვნენ ჩართულნი ამ დანაშაულებრივ ქმედებაში, ან გამოვლინდება ამ პირების მიმართ სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტიც, სხვა პირების მიმართაც დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა და ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტებაც,“ - აცხადებს პროკურორი მაია სილაგაძე.