09 ივლისი 2024,   02:30
ვრცლად
ისრაელის შეიარაღებული ძალების მთავარ ამოცანად რჩება სამედიცინო დაწესებულება ალ-შიფა - რა ხდება ახლო აღმოსავლეთში

ომი ისევ გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი ისევ ბომბავს ღაზას. ხმელეთი, ჰაერი, ზღვა - ტერორისტებს ყველა მხრიდან უტევენ. დილით ისევ დაიბომბა ქალაქი ღაზა. აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ალ-ქუდსის საავადმყოფოსთან, რომელიც ღაზაში სიდიდით მეორეა.

გაერო ისრაელს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის საპასუხოდ, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ისრაელი მტკიცედ დადგება მსოფლიოს წინააღმდეგ - "გავაგრძელებთ "ჰამასის" წინააღმდეგ ომს მთელი ძალით, გამარჯვებამდე - "ჰამასის" ყველა წევრი სიკვდილისთვისაა განწირული", - თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

რაც შეეხება ბოლო ინფორმაციას, როგორც თელ-ავივიდან "კურიერის" კორესპონდენტი იუწყება, ბოლო რამდენიმე საათია, სიტუაცია მნიშვნელოვნად დაიძაბა ისრაელი-ლიბანის საზღვართან. ლიბანიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმის შედეგად, ისრაელში რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ისრაელის ელექტროკორპორაციაში აცხადებენ, რომ ლიბანიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილი მუშები წინა თავდასხმის შედეგად დაზიანებულ ხაზებს არემონტებდნენ. სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ლიბანურმა დაჯგუფებამ, "ჰეზბოლამ" აიღო. რაკეტამ რამდენიმე მანქანა დააზიანა დოვევის ჩრდილოეთ თემთან ახლოს, საზღვრის მახლობლად.

გარდა ამისა, ისრაელის შეიარაღებული ძალების მთავარ ამოცანად რჩება სამედიცინო დაწესებულება ალ-შიფა. მათ ინფორმაციით, სწორედ ამ ადგილას მყოფი მიწისქვეშეთიდან იმართება "ჰამასი" და იქ იმყოფებიან ტერორისტების მიერ ტყვედ აყვანილი ადამიანები.

 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე 

 

 

დღის ამბები