15 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
საარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს, რადგან არიან პატარა პარტიები, რომელთაც ჰყავთ თავისი ამომრჩეველი - დავით ხაჯიშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას ითხოვს. მათი არგუმენტია, რომ პატარა პოლიტიკურ გუნდებსაც უნდა მიეცეთ პარლამენტში ყოფნის შესაძლებლობა.

"საარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს, რადგან არიან პატარა პარტიები, რომელთაც ჰყავთ თავისი ამომრჩეველი, თუმცა ის იმდენი არ არის, რომ ეს ბარიერი გადალახონ. შესაბამისად, ყველა ამომრჩეველს მაქსიმალურად უნდა მიეცეს საშუალება, რომ ვისაც ენდობა, თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში და ეს არის ლოგიკური. "ქართული ოცნება" ყველაფერს დემოკრატიულსა და ყველაფერს ისეთს, რაც არის ევროპული, ეწინააღმდეგება და ეს არ არის გასაკვირი მათი მხრიდან,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით ხაჯიშვილი.

"გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ თავის პარტიას არც 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა გაუჭირდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ზოგადად, დაბალი ბარიერი უკეთესი იქნებოდა.

"დაყვანილია იქამდე, რომელი პარტია გადალახავს ბარიერს და რომელი - არა. ამ კუთხით, აზრი არ აქვს ჩვენთვის. საბოლოო ჯამში, 2 იქნება თუ 5, ჩვენ მაინც ვემზადებით, რომ 5%-იანი გადავლახოთ, მაგრამ თუ ჩვენ შინაარსობრივად ვიმსჯელებთ, თუ, ზოგადად, რა არის სწორი წესრიგი, მაშინ გასაგებია, რომ რაც უფრო დაბალი იქნება ბარიერი, მით უკეთესია,"- აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" 2024 წლის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის დაწევას არ განიხილავს. ამ მოცემულობით, პარტიებმა ამომრჩეველთა ხმების, სულ მცირე, 5% უნდა აიღონ, რათა პარლამენტში მოხვდნენ. ოპოზიცია ამბობს რომ ბარიერი მაღალია, პარტიების დიდი ნაწილი კი 5%-იან მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.

დღის ამბები