პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საარჩევნო ბარიერის დაწევა იმისთვის უნდა, რომ პარლამენტში უფრო მეტი "ქაოსისა და არეულობის" მომხრე შევიდეს. მისივე თქმით, ეს ქვეყნის ინტერესებში არ შედის.
"რადიკალი ხელმოცარულები არიან კონსტრუქციულები და არიან "ჩახდილები". რადიკალ ხელმოცარულებსა და ჩახდილებს საერთო ინტერესი აქვთ, რომ პარლამენტში ქაოსი და არეულობა მოაწყონ. ახლა უნდათ, რომ 2%-მდე დაიყვანონ ბარიერი, რომ აქ უფრო მეტი ხელმოცარული იყოს. არ არის ეს ასე. ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რომ ხელმოცარულები, ქაოსისა და არეულობის მომხრეები შევიდნენ პარლამენტში,"- აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" 2024 წლის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის დაწევას არ განიხილავს. ამ მოცემულობით, პარტიებმა ამომრჩეველთა ხმების, სულ მცირე, 5% უნდა აიღონ, რათა პარლამენტში მოხვდნენ. ოპოზიცია ამბობს რომ ბარიერი მაღალია, პარტიების დიდი ნაწილი კი 5%-იან მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.