ბრიუსელში, ამ წუთებში, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრა მიმდინარეობს. დიპლომატები განიხილავენ ახალ ცხელ წერტილს ახლო აღმოსავლეთში, ასევე - უკრაინის მხარდაჭერასა და ვითარებას სამხრეთ კავკასიაში.
ბრიუსელში, ასევე ისმის საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ იზიარებენ ევროკომისიის რეკომენდაციას და მხარს უჭერენ საქართველოს წინსვლას გაწევრიანების გზაზე.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, ეს იყო კარგი სიახლე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, გამჭვირვალე პროცესია. გასაგებია, რა უნდა იყოს შესრულებული. მოხარული ვარ, რომ საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა. მე არ შემიძლია დეკემბრის მოვლენები ვიწინასწარმეტყველო, მაგრამ ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს", - განაცხადა იან ლიპავსკიმ.