თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს - ირაკლი ბერაიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თანამდებობის დატოვებას არ განიხილავს. დეპუტატმა ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გადადგომისკენ "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მოუწოდა.
ოპოზიციონერი კანონმდებლის თქმით, ყოველ სხდომაზე იტყვის რომ ირაკლი ბერაიას არ უნდა ეკავოს თანამდებობა მას შემდეგ, რაც მან თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. კერძოდ, სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა ბერაიას მიმართა: "ირაკლი, სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. კომიტეტზე ვერ გაგრძელდება ჯანსაღად სიტუაცია, ვიდრე იქნები ჩაბღაუჭებული ამ თანამდებობას. ყოველ სხდომაზე ამას შეგახსენებ. სირცხვილია ყოველი დღე, რომელსაც ატარებ ამ კომიტეტის პოსტზე. ამ კომიტეტში, პირველ რიგში, უნდა იყოს ღირსება, რაც დაკარგულია შენი უღირსი საქციელის გამო."
საპასუხოდ, ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ პლენარულ სხდომაზე მის მიერ გაკეთებული გამონათქვამები სამწუხარო იყო, რაზეც უკვე გაკეთებული აქვს განცხადება და ამ თემაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს.
"გადადგომას არ ვაპირებ, მინდა, ერთხელ და სამუდამოდ, ეს ყველამ კარგად გაიგოს. ვიდრე მეც და ჩემი გუნდით მივიჩნევთ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს," - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ფაქტი პლენარულ სხდომაზე მოხდა. შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ, ირაკლი ბერაიამ ბოდიშიც მოიხადა, თუმცა ეს ოპოზიციური პარტიების შეფასებით, საკმარისი არ არის და მან თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი უნდა დატოვოს.