15 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ბატონი სი ძინ პინი მარტო ჩინეთის პრეზიდენტი არ არის, ის ჩინეთის კომუნისტური სისტემის ხელმძღვანელი და მეთაურია - დავით უსუფაშვილი

პრემიერ ღარიბაშვილისა და ჩინეთის ელჩის შეხვედრისას საუბრის თემა პრეზიდენტის შემდეგი განცხადება გახდა: ფრანგი ჟურნალისტის კითხვაზე - იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ "მისი შინაგანი რწმენით ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა".

თემასთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა პოლიტიკურ წრეებში - ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში უცნაურსა და უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. ამბობენ იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს იგივე პოზიცია, რაც მსოფლიოს სხვა ლიდერებსა და საერთაშორისო წარმომადგენლებს.

"მთავრობასა და პრეზიდენტს შორის თანხვედრა არ არის ბევრ საკითხზე - ეს სიახლე არ არის და არც - პრობლემა. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა ჩინეთთან აღრმავებს არა მხოლოდ სავაჭრო ეკონომიკურს, არამედ - პოლიტიკურ-სტრატეგიულ ურთიერთობებს.

ბატონი სი ძინ პინი მარტო ჩინეთის პრეზიდენტი არ არის, ის ჩინეთის კომუნისტური სისტემის ხელმძღვანელი და მეთაურია და ჩინეთი არის კომუნისტური სისტემა, კომუნისტური პარტიით მართული ერთ პარტიული ქვეყანა," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

თუმცა, ოპოზიციაში ასევე ამბობენ იმასაც, რომ პრეზიდენტს პუტინთან დაკავშირებით უფრო მკაცრი და განსხვავებული ტონი უნდა ჰქონოდა.

"მე არ მეჩვენება, რომ ეს იყო ის ტონი, რომელიც არა აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ლიდერს. იუგურების უფლებები ნამდვილად ირღვევა. ყველა პასუხისმგებელმა და პოლიტიკურმა პირმა უნდა, რეალურად, პასუხი აგოს ამ ადამიანის უფლებების დარღვევის კონტექსტში.

მაგრამ, პუტინის სამხედრო აგრესია, რომელსაც მოჰყვა საქართველოში, უკრაინასა და ძალიან ბევრ ქვეყანაში ძალიან სერიოზული, მძიმე გენოციდი, მათ შორის უკრაინელი ხალხის, ეს არის ალბათ სულ სხვა ხარისხი," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” წევრი ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები