21 დეკემბერი 2024,   18:52
ვრცლად
უხერხული ვითარება სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან სალომე ზურაბიშვილის განცხადების გამო - პრეზიდენტის სიტყვების შემდეგ განმარტებების გაკეთა მმართველ გუნდს უწევს

საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს სინანულის გამოხატვა, პრეზიდენტის იმ განცხადების გამო მოუხდა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა ტოლობის ნიშანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დასვა. ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, შეხვედრაზე დაუდასტურა, რომ ზურაბიშვილის განცხადება, ოფიციალური თბილისის პოზიციას არ წარმოადგენს და ის მთავრობის მეთაურისთვის კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია.

რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებზე, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ ტელეარხ "ელ სი აის"-თან, საფრანგეთში მორიგი შეუთანხმებელი ვიზიტის დროს ისაუბრა. ჟურნალისტ დარიუს როშებანის კითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინისა და სი ძინ პინის გასამართლება ისტორიული შედეგი იქნებოდა.

პრეზიდენტის ამ განცხადებას, პრემიერ-მინისტრთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლებიც გაემიჯნნენ. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა არაეთიკური, არადიპლომატიური და მიუღებელი უწოდეს სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, რომელიც, მათი შეფასებით, ჩინეთთან სტრატეგიულ-ეკონომიკურ პარტნიორობას საფრთხეს უქმნის. აღინიშნა ისიც, რომ პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი არ არის და ექსკლუზიური უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს.

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას არც ოპოზიცია იზიარებს. ნაწილი თვლის, რომ პრეზიდენტი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერზე საუბრისას უფრო ფრთხილი და დიპლომატიური უნდა ყოფილიყო. დანარჩენი ოპოზიციისთვის კი, ზურაბიშვილის განცხადება იმ შემთხვევაში იქნებოდა სწორი, თუ ის ვლადიმერ პუტინს, სინ ძინ პინისგან მკაფიოდ გამიჯნავდა.

სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებამ, მის მიმართ უმრავლესობის უნდობლობა უფრო გაზარდა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ამჯერად უკვე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიდის.

საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში სხვა საშინაო და საგარეო საკითხებზეც ისაუბრა. მათ შორის უკრაინის ომზე, რუსეთის იმპერიალისტურ მისწრაფებებსა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.

დღის ამბები