21 დეკემბერი 2024,   19:01
ვრცლად
პირველად ისტორიაში - თბილისის სიმფონიური ორკესტრი გრემის ნომინანტია

თბილისის სიმფონიური ორკესტრი მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოსთვის იბრძვის. პირველად ისტორიაში, თბილისის სიმფონიური ორკესტრი გრემის ნომინანტია.

მაესტრო ვატო კახიძეს დირიჟორობით ბრაზილიელი მუსიკოს ივან ლინსთან ერთად ჩაწერილმა ალბომმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ სიმფონიური ორკესტრი ისტორიაში პირველად გრემის ნომინანტებში მოხვდა.

ორკესტრი ახლა ბრაზილიელ მუსიკოსთან ერთად საუკეთესო ლათინოამერიკულ ჯაზ ალბომის ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძვის. 5 დღეში ჩაწერილმა 11-მა კომპოზიციამ მსმენელის აღიარება და სიყვარული უკვე მოიპოვა, ახლა დარჩენილ სამ თვეში მან ჟიურის მოწონებაც უნდა დაიმსახუროს.

ალბომი "My Heart Speaks", ერთი წლის წინ, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო, ვატო კახიძესთან ერთად ჩაიწერა. გრემზე ნომინირება და ქვეყნის მუსიკალური წარმატება მაესტრომ მამას დაუკავშირა.

ივან ლინსი გრემის მოლოდინში პირველად არ არის. ბრაზილიური ჯაზის შემსრულებელმა და მისმა 30 წლიანმა შემოქმედებამ უკვე დაიმსახურა ლათინური გრემი. ელა ფიცჯერალდი, ბარბარა სტრეიზანდი, ჯორჯ ბენსონი, სტინგი, ქუინსი ჯონსი და სხვა არაერთ მსოფლიო ვარსკვლავთან ივან ლინსი წლებია თანამშრომლობდა.

მუსიკალურ მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ყოველ წელს მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს, 2024 წელს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. 5 თებერვალს შეიტყობს მსოფლიო, გახდება თუ არა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, მუსიკალურ ინდუსტრიაში მთავარ ჯილდოს - გრემის მფლობელი.

 

დღის ამბები