კამათი იყო ბიუროს სხდომაზე. “ევრო ოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძე უმრავლესობას აკრიტიკებს და იურიდიულ კომიტეტს პროექტების დაბლოკვაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ოპოზიციამ 172 კანონპროექტი წარადგინა, თუმცა მათგან 157 გაჩერებულია. რომან გოცირიძეს ბიუროს სხდომაზევე უპასუხეს "ქართული ოცნების" წევრებმა.
"აღმოჩნდა, რომ ბიუროზე კანონპროექტი, რომელიც ეხებოდა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის მორატორიუმის 2 წლით გამოცხადებას, ეს კანონპროექტი კიდევ 2 თვით არის გადავადებული. 8 000 ბინა ჰქონდათ ნაყიდი რუსებს უკრაინაში აგრესიის შემდეგ, დღეს უკვე არის 13 000. 12 000 ბინაში 2 ადამიანი რომ ჩასახლდეს, ეს არის 24 000 ადამიანი და ხაშურზე დიდი ქალაქი გამოდის. შეწყვიტეთ კონსტიტუციის დარღვევა და სასწრაფოდ უნდა იყოს გამოტანილი რეზოლუცია. იურიდიული კომიტეტი კანონების დამბლოკვია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
უმრავლესობის თქმით, გოცირიძის ბრალდებები უსაფუძვლოა. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ანრი ოხანაშვილის არყოფნისას, მასზე ასე ხელაღებით საუბარი, "კაცობის არქონაზე" მიუთითებს.
"როდესაც ანრი ოხანაშვილი აქ არ არის და ასე ხელაღებით საუბრობთ მასზე, რაღაც კაცობის ნატამალიც უნდა იყოს, რომ აქ რაღაც წინაღობები დაგხვდეთ. იმ პოლიტიკური პარტიის მემკვიდრეებისგან, რომლებმაც საკუთარი, აბსოლუტურად უგუნური პოლიტიკის შედეგად, ოკუპანტს 100-ზე მეტი სოფელი დაუთმეს საქართველოში და ეს ოკუპაცია დაუკანონეს, საქართველოდან გაყვანილი ჯარი უკან შემოაბრუნეს, ასეთი საუბრები უხერხულზე ცოტა მეტი რომ არის, ეს ფაქტია.
რაც შეეხება ოპოზიციის კანონპროექტებს, 24 საათი არ არის გასული მას შემდეგ, რაც გუშინ, პირველი მოსმენით პარლამენტმა ორ საკითხს მხარი დაუჭირა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ბიუროს სხდომაზე, სიტყვით ისარგებლა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ და ოპოზიციის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ პარლამენტში როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის და ის ყველა ევროპულ პარლამენტში დგას.
"მინდა გითხრათ, რომ როიალის დადგმა არ არის ფუფუნების საგანი. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები. კონცერტები და კლასიკური მუსიკა არ არის გართობის თემა", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.