ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის ბარიერის დაწევას ითხოვს. მათი არგუმენტით, პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა დაბალპროცენტიან პარტიებსაც უნდა მიეცეთ. ბარიერის ორ პროცენტამდე შემცირებას ითხოვს "ნაციონალური მოძრაობა".
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კოლეგა პატარა პარტიებისთვის, მზად არიან, ბარიერის დაწევას მხარი დაუჭირონ.
"ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს, არანაირი ბარიერის პრობლემა არ ჰქონია და არ ექნება. თუმცა, ჩვენ, როგორც ყველაზე დიდი ევროპული პარტია, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ბარიერის დაწევას, იგივე, ჩვენი კოლეგა, ევროპული პატარა პარტიებისთვის," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი კი მიიჩნევს, რომ დაბალი ბარიერი საქართველოსა და ქვეყნის დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება.
"ჩვენთვის და ქვეყნის დემოკრატიისთვის დაბალი ბარიერი ჯობია, თუმცა ხვეწნას არ ვაპირებთ და ჩვენი პარტია იბრძვის იმისთვის, რომ ბარიერი არ იყოს პრობლემა," - აცხადებს ელისაშვილი.