სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ გამოცემა "ლემონდთან" ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. ამ ინტერვიუში პრეზიდენტი ივანიშვილს პირველად მოიხსენიებს ოლიგარქად. ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა, როგორ ესმის ევროპული კომისიის რეკომენდაცია "დეოლიგარქიზაციაზე" და მიიჩნევს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად.
პრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილს აქვს დომინანტური გავლენა არსებულ მმართველებზე და დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. ამავე ინტერვიუში, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და სჯერა, რომ რუსეთი დაუმარცხებელია.
პრეზიდენტს არ ეთანხმება არც ოპოზიციის ნაწილი. პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ვის მიიჩნევენ ოლიგარქად.
"ვის ვინ ჰგონია, ვის როგორ ჰგონია, მთავარი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი ყველაზე ახლო მოკავშირეები ვის მიიჩნევენ ქვეყანაში ოლიგარქად. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ერთი კი არა რამდენიმე ოლიგარქია. როგორც ჩანს პარტიების უმრავლესობას ყველას თავ-თავისი ოლიგარქი ჰყავს და ეს კიდევ უფრო მძიმე რეალობაა. არ მინდა ახლა სახელებით და გვარებით საუბარი, ყველასთვის ძალიან გასაგებია კეზერაშვილი იგულისხმება თუ კიდევ ვინ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.