ვინ მოაწერს ხელს "ნაციონალური მოძრაობის" მანიფესტს და გახდება თუ არა გამოქვეყნებული დოკუმენტი პარტიის ორად გაყოფის მიზეზი - პოლიტიკურმა მოძრაობამ დოკუმენტის თარიღი სიმბოლურად, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავს დაამთხვია. 11 პუნქტიანი მანიფესტი პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს. მასში ნათქვამია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს სრულად ლეგიტიმური თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაიონული ორგანიზაციები.
"თუ არც იდეებს ეთანხმები და არც ერთობლივი ბრძოლა გინდა, მაშინ რა აზრი აქვს, ვინმეს ინტერესი აქვს, რომ პარტია შიგნიდან ანგრიოს? გაუგებარი იქნება მაშინ. მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ კეთილსინდისიერი ადამიანი, ვინც იდეებს არ იზიარებს თვითონ მონახავს თავის გზას. ელემენტარული პატიოსნების ამბავია.
მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს პარტიაში ჩატარებულ დემოკრატიულ პროცესს და ამ დემოკრატიული პროცესისას არჩეულ თავმჯდომარეს, რომელიც ყველამ აღიარა მისმა კონკურენტებმა და პოლიტიკურ საბჭოს. ის თვლის, რომ ამ პოლიტიკური საბჭოს გამდიდრება შესაძლებელია და კარგი იქნება იმ წევრებით, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად იბრძვიან წლებია," - აცხადებს ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძე.
იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელია და მისი მომხრეები დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობა მათი პარტიიდან გარიცხვით იმუქრება. მელიას გუნდში კი უკვე თქვეს, რომ გადაწყვეტილებას ხელმოწერასთან დაკავშირებით, ინდივიდუალურად მიიღებენ.
"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი აცხადებს, რომ მანიფესტი ჯერ ყველამ უნდა წაიკითხოს და შემდეგ გადაწყვიტონ, ვინ მოაწერს ხელს და ვინ არა.
"ეს პუნქტებიც არ არის ზოგადი და სჭირდება დეტალური გავლა. ჩვენ ამიტომ გავაკეთეთ მანიფესტი და გამოვაქვეყნეთ ორი კვირით ადრე, რომ ყოფილიყო მანიფესტზე მსჯელობა. ნაადრევი პასუხის გაცემა, ჩემი აზრით არ იქნება სწორი, რადგან უამრავი ადამიანი უნდა ჩაერთოს პროცესში და გამოთქვას თავისი აზრი. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ვინ აწერს მანიფესტზე ხელს და ვინ არ აწერს,"- აცხადებს დიმიტრი ბიძინაშვილი.