05 ივლისი 2024,   23:16
ვრცლად
რამდენიმე დღეში საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების შემოყვანა აიკრძალება

თბილისი, დილის 9 საათი, ხილული გამონაბოლქვის მონიტორინგს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორები იწყებენ. "კურიერი PS-ის" კამერაც მათთან ერთად გადაადგილდება. დაახლოებით 15 წუთში, ეკიპაჟის წევრები პირველ პოტენციურ დამრღვევს აჩერებენ.

ავტომობილის გაჩერების შემდეგ იწყება მისი შემოწმება. შემოწმება კი სპეციალური მოწყობილობით ხდება, რომელიც ავტომანქანას უერთდება და ასე გამონაბოლქვში co-ს დონე ავტომატურად ითვლება. ამ მანქანის გამონაბოლქვი დადგენილ ნორმებთან შეუსაბამოა, ამიტომ ინსპექტორებმა მძღოლი დააჯარიმეს.

ქალაქის ქუჩებში ინსპექტირება გრძელდება. ინსპექტორებს ეჭვი აქვთ, რომ ამ ავტომობილს მავნე ნივთიერებების შემცველი გამონაბოლქვი აქვს.

სპეციალურმა მოწყობილობამ, ამ შემთხვევაშიც, დარღვევა დაადგინა. ავტომანქანის გამონაბოლქვში co-ს დონე 0,55 პროცენტს ანუ ნორმას აღემატება. მფლობელი 100 ლარით დაჯარიმდა.

7 მოძრავი ეკიპაჟი 4 დიდ ქალაქში 4 სექტემბრიდან პატრულირებს - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი.

ინსპექტირება დილის 9 საათიდან იწყება, დღეში თითო ეკიპაჟი ათობით მანქანას აჩერებს და დარღვევის შემთხვევაში აჯარიმებს.

4 სექტემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით - 2672 ჯარიმა;
თბილისი - 1239;
ქუთაისი - 583;
ბათუმი -464;
რუსთავი- 386.

ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომანქანების გამონაბოლქვია, რომელსაც, ძირითადად, ძველი მანქანები გამოყოფს, სწორედ ამიტომ, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომანქანები საქართველოში ვეღარ შემოვა - რეგულაციის მიზანი ჰაერის დაბინძურების ხარისხის შემცირებაა.

თბილისში ატმოსფერულ ჰაერის ხარისხს ავტომატური სადგური აკონტროლებს - ასეთი დედაქალაქში სულ 4 -ია, ჰაერის 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისშიც. ამ დანადგარებით კი, ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები იზომება, მონაცემები საათობრივად ახლდება და ონლაინპორტალზე air.gov ge იტვირთება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დღეს საქართველოში აქტიური სტატუსის მქონე 1 715 999 ავტომანქანა გადაადგილდება. აქედან, ევრო 5-ის სტანდარტს მხოლოდ 285 830 აკმაყოფილებს, დარჩენილი 1 430 169 მანქანა კი 2013 წლამდეა გამოშვებული - ყველაზე მეტი ასეთი მანქანა თბილისში.

ახალი რეგულაცია, რომელიც ძალაში ზუსტად 2 კვირაში შევა, ჰაერის დაბინძურების შემცირების პარალელურად, ავტოპარკის გაახალგაზრდავებასაც შეუწყობს ხელს. ასე ფიქრობენ საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე ექსპერტები.

რა ბედი ელის 2013 წლამდე გამოშვებულ იმ ავტომანქანებს, რომლებიც უკვე გზაშია, თუმცა 1-ლი იანვრამდე საქართველოში ჩამოსვლას ვერ ასწრებენ? ამ კუთხით, გამონაკლისი არ დაიშვება, თუმცა გამოსავალი არსებობს.

ცვლილებები, რომელიც ჯერ კიდევ 6 თვის წინ დაანონსდა, პირველ ეტაპზე, მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს შეეხება, 2013 წლამდე გამოშვებული ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების იმპორტი კი ქვეყანაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება.

ავტორი: ნანა გოგატაძე, ირაკლი ჭარხალაშვილი

დღის ამბები