07 ივლისი 2024,   15:21
ვრცლად
დეზინფორმაცია პოლიციის მაღალჩინოსნების შესახებ - პირები, რომლებზეც ოპოზიციის ნაწილი აცხადებდა, რომ სანქცირებულები არიან, ამერიკის ელჩმა საზეიმო მიღებაზე მიიწვია

დეზინფორმატორების საჯარო მხილება ამერიკის საელჩოს მიღებაზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომლებზეც ოპოზიციის ნაწილი და გარკვეული მედიასაშუალებები მტკიცებით ფორმაში აცხადებდნენ, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულები არიან, ამერიკის ელჩმა საზეიმო მიღებაზე მიიწვია.

საუბარია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ვაჟა სირაძესა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ თეიმურაზ კუპატაძეზე. ორივე მათგანი, ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ვაშინგტონს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი, თუმცა რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა.

ამერიკიდან პირდაპირ ამერიკის საელჩოში მისულ თეიმურაზ კუპატაძეს განმარტების გაკეთება ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ მოუწია. საუბარია მედიის ნაწილის მხრიდან შტატების მიერ პოლიციის კონკრეტული მაღალჩინოსნების დასანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რასაც თავად ძალოვანი უწყების წარმომადგენლები სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობას უკავშირებენ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების სანქცირება სიმართლეს არ შეესაბამება და ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.

პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებზე მტკიცებით ფორმაში მედიის ნაწილთან ერთად აქტიურად საუბრობდა ოპოზიციაც. დღეს ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათ კონკრეტული გვარები არასდროს დაუსახელებიათ და სანქცირებულთა სია მხოლოდ შტატებმა იცის.

სპეკულაცია მმართველი გუნდისთვის სწორედ კონკრეტულ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები დეზინფორმაციით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას და ამერიკასთან ურთიერთობის დაზიანებას ცდილობენ.

ამერიკის საელჩოში მიღებაზე პრემიერი, "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები და ასევე, პოლიციის ის მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, რომლებზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სავიზო შეზღუდვების სიაში მოხვდნენ.

დღის ამბები