08 ოქტომბერი 2024,   23:23
ვრცლად
რამდენიმე საათში ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან

უკრაინისა და სირიის კრიზისების ფონზე, ვლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ეს ორი საკითხი იქნება პრეზიდენტების საუბრის დღის წესრიგში.

ამ თემებზე შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა უკვე ისაუბრეს თავიანთ გამოსვლებში გაეროს ტრიბუნიდან. ბარაკ ობამამ რუსეთი დაადანაშაულა ყირიმის ანექსიაში და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ვაშინგტონის პოზიცია იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატები მის პარტნიორებს დაიცავს.

„რომ შევეხოთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და მის მიერ განხორცილებულ აგრესიას უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში გვერდზე ვერ გავდგებით, როდესაც სუვერენული ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ. თუ ამას რეაგირება არ მოყვება, შეიძლება ნებისმიერ სხვა ქვეყანას დაემართოს. სწორედ ეს გახდა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების საფუძველი. მაგრამ ეს არ ასახავს ჩვენს სურვილს დავუბრუნდეთ ცივი ომის დროინდელ მტრულ ურთიერთობებს. ამის ნაცვლად წარმოვიდგონოთ, რომ რუსეთი ჩართულია დიპლომატიაში და მუშაობს უკრაინასთან, საერთაშორისო გაერთიანებასთან საკუთარი ინტერესების დასაცავად, რა თქმა უნდა ეს კარგი იქნებოდა უკრაინისთვისაც, რუსეთისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც. ჩვენ არ გვინდა რუსეთის იზოლირება, პირიქით, ჩვენ გვინდა ძლიერი რუსეთი, რომელიც იმუშავებს ჩვენთან ერთად საერთაშორისო სისტემის გასაძლიერებლად,“ - აცხადებს ბარაკ ობამა.

უკრაინაზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმაც. ვლადიმერ პუტინმა ასევე თავის გამოსვლაში ნატო-ს გაფართოვებასთან დაკავშირებით საკუთარი უკმაყოფილება ღიად დააფიქსირა.

„ცივი ომის დროინდელი ბლოკური აზროვნება და ახალი პოლიტიკური სივრცეების ათვისება სამწუხაროდ დღესაც დომინირებს. გაგრძელდა ნატო-ს გაფართოების ხაზი. ისმის კითხვა რატომ ? თუ ვარშავის ბლოკმა შეწყვიტა არსებობა და საბჭოთა კავშირიც დაიშალა. ამის მიუხედავად ნატო არამხოლოდ რჩება, არამედ ფართოვდება, ისევე როგორც მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა. შემდეგ პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნები დააყენეს ცრუ არჩევანის წინაშე –იყვნენ დასავლეთთან ან აღმოსავლეთთან. ადრე თუ გვიან ასეთი კონფრონტაციულ ლოგიკას უნდა მოყოლოდა სერიოზული გეოპოლიტიკური კრიზისი. ასეც მოხდა უკრაინაში. გამოიყენეს მოქმედი ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება და გარედან მოახდინეს შეიარაღებული გადატრიალების პროვოცირება. შედეგად გაჩაღდა სამოქალაქო ომი. დარწმუნებული ვართ სისხლისღვრის შეჩერება და ჩიხიდან გამოსვლა შესაძლებელია მინსკის შეთანხმების კეთილსინდისიერი შესრულებით. მუქარითა და იარაღის ძალით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობა ვერ იქნება დაცული,“ - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

დღის ამბები