29 ივნისი 2024,   18:20
ვრცლად
კონტრტერორისტული ოპერაცია და 14 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობა "სი-4" - რა გზით შემოვიდა საქართველოში პლასტიკური ბომბი

კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა 14 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობა "სი-4" ამოიღეს. საქართველოში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დეტალები საზოგადოებისთვის სუს-ში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. პლასტიკური ბომბი ელექტრომანქანისთვის განკუთვნილ აკუმულატორებში ინახებოდა. დამკვეთის და შემსრულებლის გამოსავლენად, გამნაღმველებმა ის ამოიღეს და მულაჟით ჩაანაცვლეს.

მოწმეების ჩვენებების, აუდიო ფაილების და სხვა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე სუს-ში დაადგინეს, რომ პლასტიკური ბომბი ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით, საქართველოში 19 იანვარს შემოიტანეს. მისი გატანა კი "დარიალის" გამშვები პუნქტით რუსეთის ქალაქ ვორონეჟში იგეგმებოდა. რატომ ვორონეჟი? - რუსეთის ამ ქალაქში მდებარეობს 105-ე შერეული საავიაციო დივიზია, 455-ე ბომბდამშენების საავიაციო პოლკი, 533-ე გრუ-ს საკომანდო სადაზვერვო ცენტრი, ბირთვული იარაღის ბაზა ვორონეჟ-45, 45-ე მოტომსროლელი დივიზია და ვორონეჟის საავიაციო ქარხანა. კონკრეტულად, რომელ ობიექტზე იგეგმებოდა თავდასხმა, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

ვორონეჟის ინფრასტრუქტურა უკრაინის ხშირი სამიზნეა. რუსული "ფსბ-ს" მტკიცებით, ოლქის ტერიტორიაზე პერიოდულად აკავებენ დივერსანტებს.

ჯერ კიდევ 24 იანვარს, ვორონეჟში მასობრივად გავრცელდა სტიკერები QR კოდებით, სადაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სახელით ვრცელდებოდა ინფორმაცია ქალაქზე მოსალოდნელ იერიშებთან დაკავშირებით. მოქალაქეებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდებდნენ.

ასაფეთქებელი მოწყობილობის დანიშნულების და მისი სხვა ქვეყნებში გავლილი მარშრუტის დასადგენად, საქართველო პარტნიორებს თანამშრომლობას სთავაზობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ არსებულ კითხვებზე პასუხებს უკრაინელი კოლეგებისგან ამ დრომდე ელიან.

"ეფ-ეს-ბეს" ვერსიით, გამოიყენეს სატვირთო ავტომობილი, რომელიც მაშინაც თითქმის იდენტური მარშრუტით - ოდესიდან ბულგარეთის, სომხეთის და საქართველოს გავლით დარიალის გამშვები პუნქტიდან რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების სიმძლავრე 21 ტონას შეადგენდა. ეს ზუსტად იმდენია, რამდენიც რუსეთის შეიარაღებაში არსებულ 42 ზებგერით რაკეტა "კინჟალში". ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენით დაამზადეს, რაც პლასტიკური ბომბის "სი-4"-ის მთავარი შემადგენელი ნაწილია. მაშინ რუსმა სამართალდამცველებმა ბრალი წაუყენეს რუსეთის, სომხეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებს.

ამჯერად კი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ ანალოგიური გეგმის განხორციელების პრევენცია მოახდინა. პლასტიკური ბომბი, რომელზეც სუს-ში საუბრობენ, აქტიურად გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის. იმის გამო, რომ "სი-4"-ს არ აქვს სუნი, მისი გადატანა მარტივია კონტრაბანდული გზებით. ამ მეთოდს კი საკმაოდ ხშირად მიმართავენ ტერორისტები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასახელებს იმ პირს, რომელიც "სი-4"-ის ტრანსპორტირებაზეა პასუხისმგებელი. უწყების ინფორმაციით, ის წარმოშობით ქართველი ანდრეი შარაშიძეა. ის უკრაინის მმართველი პარტიის "ხალხის მსახურის" წევრი და ოდესის ოლქში ადგილობრივი რადას დეპუტატობის კანდიდატიც იყო. გამოძიების ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერების ნაწილის რუსეთში გადატანა იგეგმებოდა, ნაწილი კი თბილისში ერთ-ერთ ბინაზე რჩებოდა.

 

დღის ამბები