29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს გამომძიებელ ჟურნალისტებზე თვალთვალში ადანაშაულებენ - ჟურნალისტები მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებს იკვლევენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მთავრობისთვის არასასურველ ჟურნალისტებს უთვალთვალებდა. საუბარია მედიის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც 10 წელზე მეტია სხვადასხვა რანგის მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებს იკვლევენ. სკანდალური ინფორმაცია დამოუკიდებელ გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა სახელწოდებით "ბიგუს ინფო" გაავრცელა და პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის გამო ვოლოდიმირ ზელენსკისაც კი მიმართა. ამის გამო უკრაინის პრეზიდენტს საერთაშორისო მედიის მიერ დასმულ უხერხულ კითხვებზეც მოუწია პასუხების გაცემა.

"ბიგუს ინფომ" იუთუბში დოკუმენტური ფილმიც განათავსა, სადაც დეტალურადაა ნაჩვენები როგორ უთვალთვალებს მათ უსაფრთხოების სამსახური. ფარული კამერები და მოსასმენი აპარატურა - ეს ჟურნალისტებზე შპიონაჟის მხოლოდ მცირე ნაწილია. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ ოპერაციას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იგორ კრავჩენკო ხელმძღვანელობდა. ჟურნალისტური გამოძიება პრეზიდენტთან დაახლოებული პირების ომის დროს გამდიდრებასაც ეხება.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ვებ-გვერდის "ბიგუს ინფოს" დამფუძნებელი, დენის ბიგუსი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ჟურნალისტების თვალთვალში ადანაშაულებს. თითქმის 80 წუთიან ფილმში გამომძიებელი ჟურნალისტები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უკანონო ქმედებებზე საუბრობენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, კერძოდ კი ნაციონალური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტმა, ჟურნალისტებზე ჯაშუშობის ოპერაციის დაწყებამდე, მოსამზადებელი სამუშაოებიც ჩაატარა. სათვალთვალო კამერებში კარგად ჩანს მწვანე სამოსში ჩაცმული მამაკაცი სასტუმრო "უკრაინის სოფელში" მიდის, ათვალიერებს პერიმეტრს და სივრცეს მობილურის კამერით იღებს - მხოლოდ კომპლექსის შესასვლელსა და ფასადებს. მამაკაცი სასტუმროს ადმინისტრატორს "კორპორაციული წვეულების" ორგანიზატორად ეცნობა, სახელად იგორი. მას იმ ოთახების დათვალიერება და დაჯავშნა სურს, სადაც ერთი დღის შემდეგ გამომძიებელ ჟურნალისტებს ტრენინგი უნდა ჰქონდეთ.

ჟურნალისტების შეკრებამდე ერთი დღით ადრე კომპლექსის გარეთ სპეცსამსახურის მანქანები გამოჩნდნენ. ადგილზე მივიდა უშიშროების სამსახურის გოგონების ჯგუფი, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ და ოპერაციის ხელმძღვანელს, იგორს გარეთ ელოდებოდნენ. სულ მალე გამოჩნდა შავი ავტომობილი მარკით "შკოდა", საიდანაც იგორი უცნობ მამაკაცებთან ერთად გადმოვიდა. ვიზუალი შეცვლილი ჰქონდა, თუმცა იგივე ფეხსაცმელი ეცვა, რაც სასტუმროს ადმინისტრატორის გაცნობის დღეს. სწორედ ფეხსაცმლის საშუალებით მოხდა გამომძიებელi ჟურნალისტების მხრიდან მისი იდენტიფიცირება. ოპერაციის ხელმძღვანელმა მანქანიდან ზურგჩანთები გადმოიტანა და, დიდი ალბათობით, სასტუმროში სათვალთვალო მოწყობილობები და საჭირო ინსტრუმენტები შეიტანა.

წვეულება ხანმოკლე აღმოჩნდა. სპეცსამსახურის 30-მდე თანამშრომლიდან ადგილზე გვიანობამდე მხოლოდ 10 დარჩა, მათ შორის იგორი. ჟურნალისტების ტრენინგი დილის 10 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ერთ-ერთი რედაქტორი ერთი საათით ადრე მივიდა. ოპერაციის გეგმები აირია და სპეცსამსახურმა თავისი თანამშრომლები სასტუმროდან გაიყვანა. მომდევნო დღეს კი ოთახების გასასუფთავებლად ადგილზე ახალი ჯგუფი გაუშვა.

როგორ და ვინ დაგეგმა ოპერაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ? - "ბიგუს ინფომ" გაარკვია, რომ თვალთვალს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იგორ კრავჩენკო ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციაში მონაწილეობა დაადასტურა თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რომან სემენჩენკომ, რომელიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"ბიგუს ინფოს" ჟურნალისტები უკრაინის ხელისუფლების კორუფციულ სქემებზე მუშაობენ. მათზე თვალთვალის დამადასტურებელი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის დაზვერვამ არალეგალურ ქმედებებზე გამოძიება დაიწყო. რადაში დაიბარეს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც.
 

დღის ამბები