16 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
დღეს პარლამენტი ახალი მთავრობის დამტკიცებას უყრის კენჭს

ახალი მთავრობის დამტკიცებამდე რამდენიმე საათი დარჩა. პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც კენჭისყრა შედგება, 12:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატები "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლებს შეხვდებიან.

სამთავრობო პროგრამა გუშინ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს გააცნო. რამდენიმესაათიანმა სხდომამ კონსტრუქციულად ჩაიარა. განახლებული მთავრობის შემადგენლობის მხარდაჭერას, სადაც, პრემიერის გარდა, მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იცვლება, ოპოზიცია არ აპირებს.

"განახლებულ შემადგენლობაში მხოლოდ და მხოლოდ პრემიერ-მინისტრია ახალი, სხვა მინისტრები, სამთავრობო პროგრამა კვლავ ძველია, რაც ნიშნავს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" არაფერი სიახლე არ აქვს სათქმელი საქართველოს მოსახლეობისათვის. ოპოზიცია, ბუნებრივია, დაესწრება სამთავრობო შემადგენლობის განხილვას. სწორედ სამთავრობო შემადგენლობის განხილვის დროს, ჩვენ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ,"- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

რომან გოცირიძე კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებს.

"არავითარი დამოუკიდებლობის ხარისხი - ფაქტობრივად, მინისტრებს უკვე პერსონალურადაც აღარ აქვთ იმის უნარი, რომ იფიქრონ ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებაზე. კენჭისყრაში მივიღებ მონაწილეობას, მხარს არ დავუჭერ. პირადად მე, ყველგან ყველაფერს ვესწრები. დასწრება ნიშნავს, რომ გამოიყენო ყველა შანსი, რომელიც აქვს ოპოზიციას,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრი ქვეყანას კიდევ უფრო მეტ პროგრესს მოუტანს.

"ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის იყო ადამიანსა და ქვეყნის ეროვნულ ამოცანებზე ორიენტირებული. დღეიდან, ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, თითოეული ჩვენგანი კიდევ უფრო მეტი მოტივაციით შეუდგება მუშაობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ვფიქრობ, მთავრობის ეს შემადგენლობა და ახალი პრემიერ-მინისტრი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ პროგრესს და წარმატებას მოუტანს,"- აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები