27 ივლისი 2024,   04:11
ვრცლად
2008 წელს, სერჟანტ როინ შავაძის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდა - გამოძიება კიდევ ორ პირს უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობას ედავება

ასლან ინაიშვილსა და გელა გვიანიძეს, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა, სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე შეეფარდათ. კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმის ყოფილ წევრებს, სასამართლო პროცესზე, დღეს, სიტყვით არ უსარგებლიათ, ადვოკატები კი მათ 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებულები გამოძიებას არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ და მის შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობდნენ. დაცვის მხარე კი, არც სახელმწიფო ბრალდების პოზიციას იზიარებს და არც - მოსამართლის გადაწყვეტილებას. ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ბრიგადის სერჟანტის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. პასუხისგებაში მიცემულია კიდევ 10 პირი. 2023 წლის 28 ივლისს, 8 დაკავებულის გარდა, ბრალი 2 პირს დაუსწრებლად წარედგინა. ორი ძებნილიდან, ერთი აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი, თემურ პატარიძეა. ის 2008 წლის 16 აგვისტოს სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. საქმეზე გამოკითხულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილიც.

გენერალურმა პროკურატურამ, როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიება 2020 წელს, მაშინ დაიწყო, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ სერჟანტის მიმართ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. აგვისტოს ომის მონაწილე, 2008 წლის 16 აგვისტოს, გამოძიების ინფორმაციით, გურიის საზღვარზე, სოფელ ქაქუთთან ჩაცხრილეს. შავაძის ლიკვიდაცია მაშინდელმა გამოძიებამ იმით ახსნა, რომ სერჟანტი ნარკოდამნაშავე იყო და, დაკავების დროს, სპეცრაზმელებს წინააღმდეგობა გაუწია.

დღის ამბები