29 სექტემბერი 2024,   03:12
ვრცლად
რას ითვალისწინებს კანონპროექტი "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" - მაია ბითაძის განმარტება

პარლამენტში "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტი დაიინიცირდა. ცვლილებების მიხედვით, 500 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული იმ მეპატრონისთვის, რომელიც ვალდებულებებს დაარღვევს, რასაც შედეგად მოჰყვება დაკბენა-დაკაწვრის გზით სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

მეზობლების უმრავლესობის თანხმობა იქნება საჭირო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში სამზე მეტი ცხოველის ყოლისთვის. კანონპროექტი კრძალავს ცხოველის შეყვანას ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში და საავადმყოფოში. დოკუმენტში ასევე განისაზღვრა მომატებული რისკის ჯიშის ძაღლები.

"მთავარი მიზანი იქნება შინაური ცხოველის, ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება. ჩვენ ასევე ვიმუშავებთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციასთან, რომელმაც სპეციალურად ამ კანონისთვის შეიმუშავა პროგრამა, სადაც ეტაპობრივად დაიწყება პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ისევე, როგორც მიუსაფარ ძაღლთა მასშტაბური აღრიცხვა. რეგისტრაციის ვალდებულება დასრულდება 2025 წლის პირველ ივლისს.

ამ ვადის შემდგომ ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი მოხვდება ცხოველის ციკლის განმავლობაში - ეს იქნება ვეტერინარული კლინიკა, საშენი, სასტუმრო, თავშესაფარი და ა.შ. ვალდებული იქნება გადაამოწმოს ძაღლის რეგისტრაცია, რაც გააადვილებს შემდგომ იმ ადამიანის მიკვლევას, ვინც ძაღლი ქუჩაში გააგდო. ასევე, ძალიან მკაცრად გაკონტროლდება ძაღლების გამრავლება.

დგინდება გარკვეული შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ მრავალბინიან კორპუსში, ბინაში ძაღლის რაოდენობასთან დაკავშირებით. საკუთრებაში იკრძალება 3-ზე მეტი ძაღლის ყოლა. ჩვენი კანონმდებლობა უკვე განსაზღვრავს იმ არეალებს, სადაც ცხოველის შეყვანა არ შეიძლება. ვერანაირად ვერ დავუშვებთ იმას, რომ შესაბამისი რეგულაციების გარეშე, იქ, სადაც ბევრი ბავშვია ერთად, ძაღლის უკონტროლო გადაადგილება, მათ შორის, მიკედლება იყოს დაშვებული," - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

დღის ამბები