29 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
სად გადაიტანენ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს -  მერიაში აცხადებენ, რომ ეს სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას გააუმჯობესებს 

თბილისის მერია გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელი სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგებას იწყებს. "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ დამატებითი საგზაო ზოლი მოეწყობა. აიღებენ და სხვაგან გადაიტანენ ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს. 

როგორც "კურიერთან" მძღოლები აცხადებენ, ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო. მათივე თქმით, ბენზინგასამართი სადგურების გადატანა, გზას უფრო გააფართოებს და საცობების პრობლემასაც მოაგვარებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ირაკლი თავართქილაძე იმ მონაკვეთებს ასახელებს, სადაც ბენზინგასამართი სადგურების გადანაცვლება მოხდება:

"მოხდა შეთანხმება სამივე კომპანიასთან, ესენი არიან - "ვისოლი", "ლუკოილი" და "გალფი". "ვისოლის" შემთხვევაში, სამონაცვლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარედ და ხდება აღრიცხული მიწების მონაცვლეობას, ხოლო "გალფისა" და"ლუკოილის" შემთხვევაში, მონაცვლეობა ხდება ე.წ. გლდანის ხიდების, მინდელის ხიდის მიმდებარედ, "- აცხადებს ირაკლი თავართქილაძე.

გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისის საკრებულო უახლოეს დღეებში იმსჯელებს და ამ საკითხს მხარს დაუჭერს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურების გადატანა და იმ არეალის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას. ეს ადგილი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. ტრანსპორტის სამსახური უკვე ამუშავებს მოძრაობის ახალ სქემას აღნიშნული ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებით," - აღნიშნავს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. 

დღის ამბები