29 სექტემბერი 2024,   03:03
ვრცლად
"უნდა მივიღოთ ის რეალობა, რომ რამდენიმე წელიწადში ქუჩას აღარ ემატებოდეს მიუსაფარი ცხოველი" - პარლამენტში "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტის პრეზენტაცია იწყება

პარლამენტში "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტის პრეზენტაცია იწყება. ინიციატივას დეპუტატებს და სპეციალისტებს მაია ბითაძე აცნობს, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია.

ცხოველთა დამცველები იმედოვნებენ, რომ წესების გამკაცრებას შესაბამისი შედეგებიც მოჰყვება და ქუჩაში მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება.

ცვლილებების მიხედვით, 500 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული იმ მეპატრონისთვის, რომელიც ვალდებულებებს დაარღვევს, რასაც შედეგად მოჰყვება დაკბენა-დაკაწვრის გზით სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. მეზობლების უმრავლესობის თანხმობა იქნება საჭირო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში სამზე მეტი ცხოველის ყოლისთვის. ცალკე თავია "მომეტებული რისკის" ჯიშის ძაღლები. იკრძალება მეტისების გამრავლება და ცხოველის შეყვანა სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში.

"კანონპროექტი, რომელიც საბოლოო სახეს მიიღებს და კიდევ ბევრი საკითხია დასაკორექტირებელი, აუცილებლად უნდა მოერიოს ამ პრობლემებს, რადგან ეს გზა გაიარა ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ. ლოგიკურია, რომ ქუჩაში ცუგა არ უნდა გვემატებოდეს. ამ საკითხში ჩემი ჩართულობა არის ის, რომ უნდა მივიღოთ ის რეალობა, რომ რამდენიმე წელიწადში ქუჩას აღარ ემატებოდეს მიუსაფარი და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ ვიცხოვროთ მიუსაფრების გარეშე.

3 ძაღლი უნდა გვყავდეს თუ არა, რომ უნდა ვკითხოთ მეზობელს, მე არაერთხელ დავაფიქსირე, რომ ამას არ ვეთანხმები, რადგან მივიჩნევ, რომ თუ მე მოწესრიგებული მყავს ცუგა და გნებავთ ფისო, მე არ უნდა ვეკითხებოდე მეზობელს არაფერს, მაგრამ მე თუ მის უფლებებს ვარღვევ, ვაწუხებ, სიბინძურეში ვამყოფებ - ავტომატურად ირთვება უკვე სხვა უწყებები.

გერმანიაში ძაღლის გამოგდებისთვის, წამებისთვის 25 000 ევროდან იწყება ჯარიმა. ჰო, მესმის, რომ ჩვენი რეალობა ასეთი არ არის, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ კანონი უნდა იყოს ჰუმანური, მაგრამ ძალიან მკაცრი,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანები ცხოველებისთვის" წევრი მარინა ბერსენაძე- კაციტაძე.

კანონი დაარეგულირებს ისეთ ოპერაციებსაც, რომელთაც არ აქვს სამედიცინო დანიშნულება.

"რაც შეეხება, ყურების, კუდის კუპირებას (მოჭრას), ეშვების გაქლიბვას არა ვეტერინარული ჩვენებით, ჩვენ პირადად, ამას ისედაც არ ვაკეთებდით და ამ ნაწილს ვეთანხმები, თუმცა ერთი პუნქტი ამოსაღებია - "ყბის კუპირება" - ასეთი ტერმინი არ არსებობს.

აუცილებელია ერთიანი ბაზის არსებობა, რადგან მიკვლევადობასთან გვექნება საქმე და, თავისთავად, ის შემთხვევები, რომ ვიღაცამ ცხოველი გააგდო სახლიდან და მერე ადამიანი დაჯარიმდება, პრეცედენტს შექმნის იმისა, რომ მომავალში მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს,"- აცხადებს ვეტერინართა ასოციაციის ხელმძღვანელი მარიამ ჩხიკვიშვილი.

დღის ამბები