29 სექტემბერი 2024,   03:14
ვრცლად
ამერიკელი ტურისტის გაუპატიურებისა და მკვლელობის გახმაურებული საქმე გერმანიაში - დაკავებულმა კაცმა დანაშაული აღიარა

გერმანიაში, ბავარიაში, ნოიშვანშტაინის სასახლესთან ახლოს, გასული წლის ივნისში მომხდარი სასტიკი დანაშაულის გამო დაკავებული დანაშაულს აღიარებს. როგორც BBC წერს, 31 წლის კაცს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

დაკავებული - ასევე აშშ-ის მოქალაქე - ტროი ფილიპი 21 და 22 წლის ამერიკელ გოგონებს ნოიშვანშტაინის სასახლესთან შეხვდა. გამოძიების ინფორმაციით, კაცმა მათ ახლომდებარე ხიდთან მისასვლელი მარტივი გზის მისწავლება შესთავაზა და ისეთ ბილიკზე გაიტყუა, სადაც ადამიანები ნაკლებად გადაადგილდებიან.

როგორც BBC წერს, კაცმა 21 წლის გოგო გააუპატიურა, მისი მეგობარი კი, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა, 50 მეტრის სიმაღლიდან, ხევში გადააგდო, თუმცა ახალგაზრდა გადარჩა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ბილიკზე მოლაშქრეები გამოჩნდნენ, კაცმა უგონო მდგომარეობაში მყოფი 21 წლის გოგოც იმავე ხევში გადააგდო. ის, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დაკავებულმა აღნიშნული ფაქტები სასამართლოს წინაშე აღიარა. ასევე, დაადასტურა, რომ მართლაც ფლობდა ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველ მასალას.

დღის ამბები